შალვა პაპუაშვილი - დევი ჭანკოტაძის განცხადება იყო წამოცდენა, რომ აგრესია შეიძლება მოდიოდეს ზუსტად რადიკალური ჯგუფებიდან, განსაკუთრებით სამხედროს მხრიდან ასეთი განცხადებები დაუშვებელია
შალვა პაპუაშვილი - დევი ჭანკოტაძის განცხადება იყო წამოცდენა, რომ აგრესია შეიძლება მოდიოდეს ზუსტად რადიკალური ჯგუფებიდან, განსაკუთრებით სამხედროს მხრიდან ასეთი განცხადებები დაუშვებელია

აბსოლუტურად დაუშვებელია, განსაკუთრებით სამხედროს მხრიდან ასეთი სახის განცხადებები. რას ქვია, რაღაც მოხდეს? ეს იყო წამოცდენა, რომ აგრესია შეიძლება მოდიოდეს ზუსტად რადიკალური ჯგუფებიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დევი ჭანკოტაძის მიერ პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე გაკეთებულ იმ განაცხადებაზე, სადაც ჭანკოტაძე ამბობს: „ჩემი, როგორც ადამიანის, როგორც სამხედროს, გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს. ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს ძალიან ცუდად დამთავრდება“.

„გუშინ ვნახეთ, რომ იყო მშვიდობიანი აქცია, პოლიცია შესაბამისად იცავდა ამ აქციის უსაფრთხოებასაც, ყველაფერი მიდიოდა ისე, როგორც ქართულ საპროტესტო მოძრაობებს ეკადრება ხოლმე. იყვნენ იქ ჯგუფები, რომლებსაც ჰქონდათ პირდაპირ ამოცანა, პროვოცირება მოეხდინათ და ძალადობისკენ გადასულიყვნე.  ვნახეთ, რაც გააკეთეს საბოლოო ჯამში – პიკეტირება, კვლავ მოწოდება, იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები იყვნენ საბოლოო ჯამში, გუშინ ვნახეთ, ვინც ლიდერობდა ამ აქციას. რომ ხედავენ,  არის მშვიდობიანი აქცია, იმწამსვე გადადიან მოწოდებისკენ, რომ იყოს ალყის დარტყმა, პიკეტირება, ძალადობისკენ წასვლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ მიუთითა, რომ მათი პასუხისმგებლობა არის, პარლამენტის საქმიანობა უზრუნველყონ. ამიტომ აქცია აქციად, პარლამენტის საქმიანობა – პარლამენტის საქმიანობად, ერთი მეორეს ხელს არ უშლიდეს. რაც შეეხება ამ განცხადებას, ზუსტადაც რომ ეს იყო წამოცდენა იმ სახის, რომ ერთადერთი, აგრესია ვისგანაც შეიძლება მოდიოდეს, შეიძლება მოდიოდეს ზუსტად ამ რადიკალური ჯგუფებიდან, რომლებიც ვნახეთ, რომ მომზადებული იყვნენ მისული, აირწინაღებით, მოწოდებებიც ვნახეთ, „ენჯეოები“, რომლებიც ამ ყველაფერში არიან თანაორგანიზატორები, როგორ ისტერიას თესავენ და რუსეთი რუსეთის ძახილით საბოლოო ჯამში გააფერმკრთალეს მათ შორის ის საფრთხეები, რაც რუსეთიდან მომდინარეობს. ყოველ მეორე წინადადებაში უკონტექსტოდ რუსეთი რუსეთის ძახილით საბოლოო ჯამში აზრსაც უკარგავენ თავის ნათქვამს. ჩვენ გუშინაც და გუშინწინაც ვნახეთ, რომ იწყებოდა ძალადობა ამ ჯგუფებისგან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, პოლიცია მოქმედებდა პროფესიონალურად.

„შსს ზრუნავს, რომ ერთი მხრივ, უზრუნველყოს აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება, მეორე მხრივ, საზოგადოებრივი წესრიგი. მაშინ, როცა ეს წესრიგი ირღვევა, რა თქმა უნდა, რეაგირებენ ამაზე შსს-ს სპეციალური შესაბამისი დანაყოფები იმ პროტოკოლითა და წესებით, რაც მათ აქვთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.