შალვა პაპუაშვილი - დავების წარმოებაზე საკანონმდებლო ცვლილებების სადამსჯელო ოპერაციად შეფუთვა წარმოუდგენელია, კანონმდებლობაში იყო ხარვეზი, რასაც  სჭირდებოდა გამოსწორება
შალვა პაპუაშვილი - დავების წარმოებაზე საკანონმდებლო ცვლილებების სადამსჯელო ოპერაციად შეფუთვა წარმოუდგენელია, კანონმდებლობაში იყო ხარვეზი, რასაც სჭირდებოდა გამოსწორება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დავების წარმოებასთან დაკავშირებით ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე.

მისი თქმით, სამართლებრივი კუთხით ხარვეზები საჭიროებდა გამოსწორებას და გასაკვირია, როდესაც განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციები ფაქტს სადამსჯელო ღონისძიებად აფასებენ.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, სასამართლო ინსტრუმენტი არის ყველაზე სამართლებრივი, ცივილიზებული და დემოკრატიული მეთოდი, რათა გაირკვეს საკითხები, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება ელჩების დანიშვნის შინაარსობრივ გადაწყვეტას.

„რამდენიმე მომენტია და ამაზე ყველა უნდა შევთანხმდეთ. ამ ცვლილების სამართლებრივ ნაწილს რაც შეეხება, რამდენიმე კომენტარი მოვისმინე, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციის. არავინ დავობს, რომ ხარვეზია არსებულ კანონმდებლობაში და ამ ხარვეზს სჭირდებოდა გამოსწორება. ყველა ვთანხმდებით, რომ ეს იყო ხარვეზი და ხარვეზს სჭირდებოდა გამოსწორება. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ზოგიერთი ტერმინოლოგიის დამკვიდრებას რომ ცდილობს, თითქოს არის სადამსჯელო ღონისძიება, ეს საერთოდ წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება, სასამართლოსადმი მიმართვა განვიხილოთ როგორც ვინმეს დასჯა, თან ამაზე საუბრობენ ის ორგანიზაციები, რომლებიც თავად არაერთხელ მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს. საკონსტიტუციო სასამართლო და ზოგადად, სასამართლო ინსტრუმენტი არის ყველაზე სამართლებრივი, ცივილიზებული და დემოკრატიული მეთოდი, რათა გაირკვეს საკითხები. ამ შემთხვევაში საკითხი ეხება თემას, ვის კომპეტენციაშია ელჩების დანიშვნის შინაარსობრივი გადაწყვეტა.

როგორც ვნახეთ, მთავრობამ განაცხადა, რომ მთავრობას და პრეზიდენტს შორის ამასთან დაკავშირებით იყო შეუთანხმებლობა, რაც  გარკვეული პერიოდია, გრძელდება და ვერ მოხდა შეთანხმება კომპეტენციასთან დაკავშირებით, ვის, რა უფლებამოსილება აქვს. ყველაზე ცივილიზებული, სწორი, ევროპული გზა არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც ეს უნდა გადაწყვიტოს. ამიტომ ამ ნაბიჯის შეფუთვა, თითქოს არის სადამსჯელო ოპერაცია, თან იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც თავად იყენებენ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ესა თუ ის ნორმა გაასაჩივრონ და სასამართლოს პოზიცია მოისმინონ, ძალიან საკვირველია. უბრალოდ მივმართავ მათ, დარჩნენ სამართლებრივი შეფასების ფარგლებში, ვინაიდან არავინ დავობს, რომ ეს იყო სამართლებრივი ხარვეზი. მათ შორის 2017 წელს საკონსტიტუციო რეფორმა როდესაც მიმდინარეობდა, მეც გახლდით ამ კომისიის წევრი და მაშინაც განიხილებოდა ეს საკითხი, რასთან მიმართებითაც ყველა თანხმდებოდა.

აქამდე არასდროს კომპეტენციების შესახებ დავა არ წარმოებულა საქართველოში, ამიტომ ეს ხარვეზი არც არავისთვის თვალში მოსახვედრი არ ყოფილა, ან პრაქტიკაში არავინ ფიქრობდა, რომ ეს იქნებოდა რაღაცის ხელის შემშლელი. ახლა დადგა საკითხი, ვინაიდან ყველა თანხმდება, რომ არ შეიძლება, კომპეტენციაში შეიჭრას ერთი ორგანო. მეორე მხრივ, მხოლოდ სამართლებრივი აქტებით კომპეტენციაში შეჭრა შეიძლება მოხდეს მათ შორის ქმედებით ან უმოქმედობით. ამიტომ აქ სამართლებრივი კუთხით ყველაფერი ცხადია. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ორგანიზაციის მხრიდან პოლიტიკურ შეფასებებს ვისმენ. სურვილი მაქვს, ყველა დაბრუნდეს პროფესიულ კალაპოტში და პროფესიული მხრიდან იმსჯელონ ამ საკითხთან დაკავშირებით. არადემოკრატიულობა, არაევროპულობაა, თითქოს სასამართლოსთვის მიმართვა არის ვინმეს ანგარიშსწორება – სასამართლოსთვის მიმართვა არის ევროპული გზა. საკვირველია, როდესაც ასეთ შეფასებებს ვისმენთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დავების წარმოებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა.

ცვლილებების ინიციატორები არიან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი.