შალვა პაპუაშვილი - დაბრალებებს არ ვიყოთ, რა ძალადობა, თინასთან ვწუხვარ
შალვა პაპუაშვილი - დაბრალებებს არ ვიყოთ, რა ძალადობა, თინასთან ვწუხვარ

დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა? ძალადობა ის იყო, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში, – ასე ეხმაურება პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის მიერ პარტიის სახელით გაკეთებულ განცხადებას, რომ თინა ბოკუჩავაზე ძალადობის გამო მოითხოვენ, შალვა პაპუაშვილსა და ლევან მგალობლიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეთ.

მისივე თქმით, თავიანთი ქმედების გამო „ნაციონალური მოძრაობა“ სირცხვილს ვერ გრძნობს.

„დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა? ძალადობა ის იყო, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში. ძალადობა სიმართლეზე, ძალადობა მორალზე და პარლამენტზე. ისტერიამდე მისული დესტრუქცია, ტრიბუნის დაბლოკვა, მაგიდაზე ფეხით შემდგარი, სპიკერატისკენ გაქანებული და მანდატურთან მოჭიდავე დეპუტატები. სირცხვილი, რომელსაც ვერ გრძნობენ. თინასთან ვწუხვარ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

 

საკანონმდებლო ორგანოში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახისთვის მისამძიმრებით, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ტრიბუნასთან მივიდნენ. მათ თან ჰქონდათ ლექსო ლაშქარავასა და წითლად გადახაზული პრემიერის ფოტოები.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა პარლამენტში თავმჯდომარის ადგილას მისვლას ცდილობდა, რა დროსაც შალვა პაპუაშვილმა ის სპიკერატიდან ხელით გაიყვანა.