ზაალ უდუმაშვილი - თინა ბოკუჩავაზე ძალადობის გამო მოვითხოვთ, რომ შალვა პაპუაშვილსა და ლევან მგალობლიშვილს  სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეთ
ზაალ უდუმაშვილი - თინა ბოკუჩავაზე ძალადობის გამო მოვითხოვთ, რომ შალვა პაპუაშვილსა და ლევან მგალობლიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეთ

კარგად დავინახეთ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები როგორ მიათრევდნენ თინა ბოკუჩავას, რადგან ის არ მიახლოებოდა პარლამენტის თავმჯდომარეს. ამიტომ, ჩვენ მივმართავთ ეთიკის საბჭოს, დაიწყოს მოკვლევა შალვა პაპუაშვილის და ლევან მგალობლიშვილის მხრიდან ძალადობის ფაქტზე და შეუწყდეთ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გომელაური დღეს პარლამენტიდან გაიქცა და სწორი გადაწყვეტილებაც მიიღო.

„ვახტანგ გომელაურს დღეს არ ჰქონდა არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება, რომ პარლამენტის ტრიბუნასთან მდგარიყო და იქიდან მოგვესმინა მისი არგუმენტებები. მისი დამსახურებით, 5-6 ივლისს თბილისი აღმოჩნდა პრაქტიკულად ტერორისტების ქვეშ, რომელებიც გაშმაგებული დასდევდნენ როგორც ჟურნალისტებს, ასევე ჩვენს თანამოქალაქეებს. დღეს ვახტანგ გომელაური სულ მცირე, სახლში უნდა იჯდეს და განცხადება ჰქონდეს დაწერილი, პასუხობდეს გამოძიების კითხვებს, რატომ მისცა რადიკალურ დაჯგუფებებს თბილისში თარეშისა და ჟურნალისტებზე ასე გასწორების უფლება. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ძალადობს ყველგან, ქუჩაში, პარლამენტში. დღეს ხომ კარგად ვნახეთ, რა მოქმედებები ხდებოდა პარლამენტში. ჩვენი უბრალოდ სურათები გვეჭირა ხელში, გამოცვივდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომ გადაფარებოდნენ ვახტანგ გომელაურს, რათა მას ხელი არ შეშლოდა.

ვერ აიტანეს ვერც ჟურნალისტების მიერ გადმოკიდებული ბანერი, რადგან დიახ, მათ ეშინიათ. ეშინიათ იმ პროტესტის, რომელიც დღეს ხალხშია. ასე მოუწევთ ყველგან, სადაც მივლენ, საჯაროდ ვეღარ გამოჩნდებიან. უკვე შეშინებულები ბრიფინგებს ვეღარ ატარებენ. სადაც მივლენ, ყველგან მოუწევთ პროტესტის გაგონება. დღეს ყველამ კარგად ვნახეთ, რაც განხორციელდა ჩვენს დეპუტატზე სხდომათა დარბაზში. კარგად დავინახეთ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები როგორ მიათრევდნენ თინა ბოკუჩავას, რადგან ის არ მიახლოებოდა პარლამენტის თავმჯდომარეს. ამიტომ, ჩვენ მივმართავთ ეთიკის საბჭოს, დაიწყოს მოკვლევა შალვა პაპუაშვილის და ლევან მგალობლიშვილის მხრიდან ძალადობის ფაქტზე და შეუწყდეთ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, დღევანდელ სხდომას დახურულად აცხადებს, რადგან პოლიტიკური ჯგუფების მიზანი არ იყო სხდომის ჩატარება და კითხვების დასმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტი უკვე დატოვა.