შალვა პაპუაშვილი - არჩევნების შემდეგ, პირველივე პლენარულ სხდომაზე გაიმართება განხილვა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით
შალვა პაპუაშვილი - არჩევნების შემდეგ, პირველივე პლენარულ სხდომაზე გაიმართება განხილვა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით

„ქართული ოცნების“ დეპუტატის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, ჯერჯერობით პლენარული სხდომა დაგეგმილი არ არის.

„დღეს გაიმართა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, ეს გახლავთ ფორმალური ნაწილი მისი განცხადების განხილვისა. შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე. რაც შეეხება თავად გადაწყვეტილებას, ვნახავთ როგორი იქნება პარლამენტის გადაწყვეტილება. ჯერჯერობით პლენარული სხდომა დაგეგმილი არ არის. რეგლამენტიდან გამომდინარე, პირველივე პლენარულ სხდომაზე ამ საკითხის განხილვა მოხდება, რომელიც არჩევნების შემდეგ იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება საკითხს, როგორია პარლამენტის განწყობა და დაუჭერს თუ არა მხარს „ქართული ოცნების“ გუნდი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას, პაპუაშვილი ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით ჯერ არ უმსჯელიათ.

„ჯერ არანაირი განწყობა არ გვაქვს. ბევრ დეპუტატს, რომელსაც შემოტანილი ჰქონდა უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება, თავის დროზე უფლებამოსილება არ შევუწყვიტეთ მაშინდელი საბოტაჟის მდგომარეობის დასრულების მიზნით. ეს პარლამენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება გახლავთ. ვნახოთ, ჯერჯერობით ამაზე არ გვიმსჯელია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე:„მელიას უფლებამოსილება თუ შეუწყდება, ხომ არ არის შანსი, რომ ის ციხეში კიდევ ერთხელ
მოხვდეს“, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს საკითხი ქართული მართლმსაჯულების გადასაწყვეტია.

„მან უარი განაცხადა ამნისტიის გამოყენებაზე. რაც კიდევ ერთხელ გახლავთ დადასტურება, რამდენად არასერიოზულია „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ ქმედებებში. ისინი 19 აპრილის შეთანხმებას ხელს არ აწერდნენ, რადგან ამნისტიის აღიარება არ უნდოდათ. შემდეგ ხელი მოაწერეს და ამნისტია აღიარეს. შემდეგ ამნისტიის შესახებ კანონს მხარი არ დაუჭირეს და ამით ამნისტია არ აღიარეს. ეს ურთიერთგამომრიცხავი ქმედებებია. ეს საკითხი სრულად მისი და ქართული მართლმსაჯულების გადასაწყვეტია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილების მიღების საფუძველი თავად ნიკა მელიას განცხადება გახდა.

ნიკა მელიამ საპარლამენტო მანდატის დატოვების თხოვნით პარლამენტს 29 ივლისს მიმართა.