ნიკა მელიას განცხადების საფუძველზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
ნიკა მელიას განცხადების საფუძველზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილების მიღების საფუძველი თავად ნიკა მელიას განცხადება გახდა.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილს მიმართა კითხვით, რატომ იხილავენ დაჩქარებით მელიას განცხადებას და ხომ არ აპირებენ რიგგარეშე სესიის მოწვევას ამ საკითხთან დაკავშირებით.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, კომიტეტს მკაფიოდ განსაზღვრული აქვს რეგლამენტი აქვს და  საკითხის განხილვას კალენდარული გრაფიკით მიყვება.

„დღევანდელ სხდომაზე ერთი საკითხია, რადგან სხვა მიმდინარე საკითხები კომიტეტის სამუშაო დღისწესრგიში ამ ეტაპზე არ არის. ერთი საკითხი იყო სახელმწიფო სიმბოლოკებთან დაკავშირებით და საკითხი მომხსენებელმა ითხოვა საკითხის გადადება და ამიტომ აღარ განიხილება. საკითხი, რომელიც დღეს განიხილება, ჩვენი მხრიდან, თავად კომიტეტის მხრიდან აბსოლუტურად დაცლილია ყოველგვარი პოლიტიკური მდგენელისგან, რამეთუ ჩვენ მკაფიოდ განსაზღვრული გვაქვს რეგლამენტისა და კონსტიტუციის მიხედვით ასეთი ტიპის განცხადებაზე რა ვადებში და როგორ უნდა მოხდეს რეაგირება, ამიტომ ჩვენ ზუსტად იმ კალენდარულ და იმ არითმეტიკულ ვადებს მივყვებით, რაც მკაფიოდ არის განსაზღვრული ამ შემთხვევაში რეგლამენტის მიერ. წინა შემთხვევაშიც როცა შემოტანილი იყო ბევრი დეპუტატის განცხადება, მაშინაც ჩვენ ვადების მიხედვით, მკაცრი დაცვით განვიხილეთ ეს საკითხები. როგორც იცით, ეს საკითხი გადის პარლამენტის სხდომაზე და ის იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ახლაც თავიდან ბოლომდე მივდევთ ამ მოთხოვნებს. თუ აქ არსებობს რაიმე პოლიტიკური მდგენელი და პოლიტიკური ნება, ეს არის განმცხადებლის პირადი სურვილი, რით არის ეს გამოწვეული, მან უნდა ახსნას ალბათ. რიგგარეშე სხდომის მოწვევა არ არის ჩვენი კომიტეტის პრეროგატივა, ჩვენ ამას გადავცეთ ბიუროს და როგორც რეგლამენტი ითვალისწინებს, არ ვიცით, ეს რიგითი იქნება, თუ რიგგარეშე შეტანილი იქნება ეს საკითხი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ნიკა მელიამ საპარლამენტო მანდატის დატოვების თხოვნით პარლამენტს 29 ივლისს მიმართა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ერთვება ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ტოვებს პარლამენტს.

„რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგ, ეს პარლამენტი დაიშლება და იქნება ქართველი ხალხის მიერ არჩეული ახალი ლეგიტიმური პარლამენტი. მე – ნიკა მელია ვტოვებ პარლამენტს, საპარლამენტო მანდატს, მაგრამ ჩემი პრინციპული თხოვნით, მიუხედავად წინააღმდეგობისა გუნდის შიგნით, ტექნიკურად და ფორმალურად ჩვენი მეგობრები ამ ეტაპზე პარლამენტში რჩებიან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.