შალვა პაპუაშვილი - არაღიარების პოლიტიკა არის მტკიცე, სამართლებრივი ძალა არ გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არც შესაძლო რეფერენდუმებს, არც არჩევნებს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმი ამ სიტუაციაში დაძაბვის მცდელობაა. პაპუაშვილის თქმით, „არანაირი სამართლებრივი შიდა თუ საერთაშორისო სამართლებრივი ძალა არ გააჩნია ასეთი სახის არც განცხადებებს, არც შესაძლო რეფერენდუმებს, არჩევნებს თუ ასე შემდეგ“.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, მათ შორის, ვიცით, არაერთხელ იყო მოწოდებები, მცდელობებიც სხვადასხვა სახის გამოკითხვებიც. მაგრამ მთავარი არის ერთი, არაღიარების პოლიტიკა არის მტკიცე; იცით, რომ მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებს ამ ქვეყანაზე არავინ არ აღიარებს, ერთი-ორი მარგინალური სახელმწიფოა გარდა. ასე რომ, მთავარია ეს მიდგომა.
თავისთავად, ეს ამ სიტუაციაში დაძაბვის მცდელობა არის, მაგრამ ვფიქრობ, ისევე, როგორც წინა შემთხვევებში, რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი ამას არ მოჰყვება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილი.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ „რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს“.
ამასთან, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე რეფერენდუმი 10 აპრილის შემდეგ გაიმართება“.