შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით  ვენეციის კომისიის დასკვნაში ცვლილებები შექებულია
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაში ცვლილებები შექებულია

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიასა და ოდირს ტექნიკური სახის რეკომენდაციები აქვთ და მათ რჩევებში ისეთი არაფერი არ არის, რაც პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს და შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

როგორც ჟურნალისტებს პაპუაშვილმა განუცხადა, ვენეციის კომისიისა და ოდირის დასკვნა უაღრესად პოზიტიურია.

„ჩამოთვლილია ყველა საკითხი, რომელიც კანონპროექტში აისახა და ამ თვალსაზრისით ცვლილებები შექებულია. რამდენიმე სახის ტექნიკური ცვლილებაა, რომელზეც დღეს ვიმსჯელებთ. ის პროექტი, რომელიც ვენეციის კომისიაში გაიგზავნა, არის შეთანხმებული პროექტი, რომელსაც პოლიტიკურმა ძალებმა მხარი დაუჭირეს. რამდენიმე ტექნიკური ხასიათის საკითხია, რომელსაც კანონპროექტში ავსახავთ”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით პოლიტიკური მხარეები შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც დღეს, ცვლილებებს მეორე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

ვენეციის კომისიამ საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით დასკვნა 18 ივნისს გამოაქვეყნა.