შალვა ნათელაშვილი - რეზოლუციის ავტორებს ვკითხავდი, ამერიკული პარტიისთვის არჩევნებში 50-ის ნაცვლად 2 პროცენტი რომ დაეწერათ, მაშინ თუ მოუწოდებდნენ იმ პარტიის დეპუტატებს, შესულიყვნენ კონგრესში
შალვა ნათელაშვილი - რეზოლუციის ავტორებს ვკითხავდი, ამერიკული პარტიისთვის არჩევნებში 50-ის ნაცვლად 2 პროცენტი რომ დაეწერათ, მაშინ თუ მოუწოდებდნენ იმ პარტიის დეპუტატებს, შესულიყვნენ კონგრესში

რეზოლუციის ავტორებს ვკითხავდი, რომელიმე ამერიკული პარტიისთვის არჩევნებში 50-ის ნაცვლად 2 პროცენტი რომ დაეწერათ, მაშინ თუ მოუწოდებდნენ იმ პარტიის დეპუტატებს, შესულიყვნენ კონგრესში, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა სენატში წარდგენილი საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, სენატორების მოწოდებებისადმი მისი დამოკიდებულება ნეგატიურია.

„ჩემი დამოკიდებულება ამგვარი მოწოდებების მიმართ უცვლელი და ნეგატიურია. ეს სახელმწიფო დეპარტამენტშია კენტის ჯგუფის მიერ დაწერილი და არა სენატორების მიერ. ამ რეზოლუციის ავტორებს ვკითხავდი,  რომელიმე ამერიკული პარტიისთვის არჩევნებში 50 პროცენტის ნაცვლად 2 პროცენტი რომ დაეწერათ, მაშინ თუ მოუწოდებდნენ იმ პარტიის დეპუტატებს, შესულიყვნენ კონგრესში და დაეწყოთ მსჯელობა პოლიტიკურ სახელმწიფოებრივ საკითხებზე? ალბათ არა. ჩვენც ზუსტად ამერიკული და ევროპული დემოკრატიის სტანდარტები გვინდა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

აშშ-ის სენატში სენატორ რონ ჯონსონის ავტორობით, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარადგინეს. ამასთან, ამერიკელი სენატორები საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს მოუწოდებენ, დაიკავონ პარლამენტში ადგილები და დაიწყონ მუშაობა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.