შალვა ნათელაშვილი - ოპოზიციური საკონსულტაციო ფორმატის გლობალურ ასპექტში პრემიერად მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა არ განიხილება
შალვა ნათელაშვილი - ოპოზიციური საკონსულტაციო ფორმატის გლობალურ ასპექტში პრემიერად მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა არ განიხილება

ოპოზიციური საკონსულტაციო ფორმატის გლობალურ ასპექტში მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა პრემიერ მინისტრად არ განიხილება ისევე როგორც არ განიხილება არავის კანდიდატურა,- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ იქნება შესაძლებელი შეჯერება, განხილვა, ანალიზი.

„მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეუწყობს ხელს ბიძინას ოცნებას დაპოლუსებაზე -ან ბიძინა ან მიშა, რაც ძალიან ცუდი იქნება პირადად მისთვის და ასევე, ყველაფერს გავაკეთებთ ყველა, რათა არ განხორციელდეს პრინციპი: უჩემოდ თუნდაც ქვეყანა დაქცეულა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

კითხვაზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ოპოზიციური გაერთიანების ნაწილმა უკვე დაასახელა სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად, რას გულისხმობთ, როცა აცხადებთ, რომ სააკაშვილის კანდიდატურა არ განიხილება, ნათელაშვილი ასე პასუხობს:

„მიხეილ სააკაშვილის გარდა, სხვა პარტიებმაც და პიროვნებებმაც წარადგინეს თავი პრემიერებად. ეს ტენდენცია სავარაუდოდ გაგრძელდება და აღნიშნული არის პოლიტიკოსების და პოლიტიკური გაერთიანებების სუვერენული უფლება. ამ შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც  კიდევ რამდენიმე სხვა პარტიას აერთიანებს, სრული უფლება ჰქონდა, დაეჭირა მხარი ვინმესთვის ან არა. აქ ჩვენ ნამდვილად ვერ გამოვდგებით რევიზორებად“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

ამასთან, ნათელაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების წინ გარდაიცვალნენ, პლატონის, სოკრატეს, ჰეგელის, მარქსის, ენგელსის იდეებს თანამედროვე პოლიტიკური პარტიები და მოძრაობები იყენებენ.

„მათ რიგებში რამდენად ჩაითვლება მიხეილ სააკაშვილი, არ ვიცი, თუმცა მის პარტიას უფლება აქვს, მისი პოსტულატები გამოიყენოს“, – დასძინა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილის შეფასებით, საქართველოს ექს პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს უფლება, თავისი დაარსებული პარტიის საარჩევნო პროცესებს უხელმძვანელოს.

„არსებობს კანონის ფორმალური გაგება. ყოველდღიურად ივანიშვილის ხელისუფლების საარჩევნო პროცესებს, პიარტექნოლოგიებს და მთელ ამ პრობლემატიკას, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, ხელმძღვანელობენ რუსეთის სპეციალური სამსახურები, მათი აგენტურა, ხოლო მოსკოვიდან ოფიციალური პირები –  დეპუტატები, ფედერალური საბჭო, სახელმწიფო სათათბირი, მინისტრები აკეთებენ განცხადებებს საარჩევნო პროცესებსა და ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ განლაგებაზე.

თუ საოკუპაციო რეჟიმს პრაქტიკულად უფლება აქვს თავისი მოკავშირეების საარჩევნო პროცესს უხელმძღვანელოს, რატომ არ აქვს საქართველოს ექს პრეზიდენტს, თავისი დაარსებული პარტიის, რომლის ლიდერიც თავად გახლავთ, საარჩევნო პროცესებს უხელმძვანელოს, ისაუბროს და განცხადებები გააკეთოს? ჩემთვის გაუგებარია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დასახელდა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ პრემიერობის საკითხზე ვიდეომიმართვისას ისაუბრა. მას საქართველოში დაბრუნების თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ მზად არის, პრემიერ-მინისტრობა ორი წლით იტვირთოს.