შალვა ნათელაშვილი - მამუკა ხაზარაძემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ბანკში არ არის, პოლიტიკაშია
შალვა ნათელაშვილი - მამუკა ხაზარაძემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ბანკში არ არის, პოლიტიკაშია

არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწრაფოდ, ქვეყანას არ ჰყავს ორგანო, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას და ექნება კვორუმი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

„თემა არის უაღრესად მწვავე, აქტუალური და არაა საკვირველი, ოპოზიციას ჰქონდეს აზრთა მრავალნაირობა მდგომარეობიდან გამოსვლის, პერსპექტივებისა და საკითხების გადაწყვეტის მიმართებით. რაც შეეხება შექმნილ ვითარებას, ქვეყანა დარჩენილია პარლამენტის გარეშე, რის გამოც, მთავრობას არ შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილებები კონსტიტუციურ საკითხებზე. რომ დაგვიბრუნოს რუსეთმა ცხინვალი და აფხაზეთი და ალიევმა წართმეული გარეჯი, იმასაც ვერ დავიბრუნებთ, რადგან პარლამენტის არსებულ რაოდენობას არ აქვს უფლება, მიიღოს საკანონმდებლო აქტი ან გააკეთოს რატიფიცირება. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ვერანაირ სამართლებრივ ნორმას ვერ მივიღებთ. ისევე, როგორც პარლამენტი ვერ შექმნის საგამოძიებო კომისიებს ვერანაირ თემაზე და ვერ წაუყენებს იმპიჩმენტს თანამდებობის პირებს. პარლამენტი სხვა რაღაა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციაში დაპირისპირება არ არის.

„ოპოზიციამ აჩვენა ისტორიული, უპრეცენდენტო ერთიანობა და ეს გრძელდება ამ წამებშიც. ვიმეორებ, აზრთა სხვადასხვაობაა, თემა და პრობლემა არის მტკივნეული, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, სხვადასხვა მოსაზრებები გამოთქვან. თუმცა, არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწრაფოდ. ვიმეორებ, ქვეყანას არ ჰყავს ორგანო, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას და ექნება კვორუმი. არჩევნები უნდა ჩატარდეს ივნისამდე. 2022-ში არჩევნების გადადება ნიშნავს, რომ ბიძინას ვტოვებთ 2030-მდე, რას ლაპარაკობთ. ხაზარაძეს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ხაზარაძემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ბანკში არ არის და ის პოლიტიკაშია. ის პოლიტიკურად უნდა მიუდგეს საკითხებს. 2022 წლამდე არჩევნების გადადება ნიშნავს, რომ ბიძინას ვაცხადებთ უგვირგვინო იმპერატორად“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

„ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მისი აზრით, 2022-ში უნდა დაინიშნოს სრულად პროპორციული რიგგარეშე არჩევნები და იქიდან დაიწყოს ახალი ოთხი წლის ათვლა. ხაზარაძის თქმით, იდეალურია, რომ რიგგარეშე არჩევნები 2021 წელს დაინიშნოს, თუმცა ამის არ სჯერა.

დატოვე კომენტარი