მამუკა ხაზარაძე - ჩემი აზრია, რომ 2022-ში უნდა დაინიშნოს სრულად პროპორციული რიგგარეშე არჩევნები და იქიდან დაიწყოს ახალი ოთხი წლის ათვლა
მამუკა ხაზარაძე - ჩემი აზრია, რომ 2022-ში უნდა დაინიშნოს სრულად პროპორციული რიგგარეშე არჩევნები და იქიდან დაიწყოს ახალი ოთხი წლის ათვლა

დარწმუნებული ვარ, რომ მოლაპარაკება შედგება და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იდეალურია, რომ რიგგარეშე არჩევნები 2021 წელს დაინიშნოს, თუმცა ამის არ სჯერა.

მამუკა ხაზარაძის შეფასებით, 2022 წელს შესაძლებელია, რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნები ჩატარდეს.

„ყველა ქვეყანაში, როცა პარლამენტი არის ერთპარტიული, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. როგორც კი საშობაო არდადეგები გადაივლის და გამოვლენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომლებთანც ჩვენ ძალიან მჭიდრო კავშირი გვაქვს, ძალიან სერიოზული კავშირები გვაქვს, არა მარტო ბიზნეს-კავშირები, არამედ სერიოზული მეგობრები გვყავს იქ, რომლებთანაც კონტაქტი გვაქვს. როგორც კი ეს ყველაფერი გადაივლის, თქვენ დაინახავთ, რომ უკვე ხელისუფლებას მოსთხოვენ – რას შვები? ასე გინდა ცხოვრების გაგრძელება? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ასე გინდა მართო? პასუხი იქნება ის, რომ რა თქმა უნდა, ისევ იხტიბარს არ გაიტეხენ, მაგრამ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოლაპარაკება შედგება და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება, იდეალურია, რომ 2021-ში მოხდეს ეს ყველაფერი, რისიც მე არ მჯერა, გულწრფელი უნდა ვიყო, მაგრამ მე მგონია, რომ 2022-ში შესაძლებელია სრული პროპორციული არჩევნები ჩატარდეს, ეს იქნება გამოსავალი…მოდი, ასე დავაყენოთ საკითხი, რიგგარეშე არჩევნები იმას ხომ არ გულისხმობს, რომ ჩვენ, ოპოზიცია ვითხოვთ ამას, უბრალოდ სიტუაცია ითხოვს ამას, რომ ქვეყანა გაჯანსაღდეს და ერთხელ და სამუდამოდ ყველას გვეყოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ოპოზიციასაც და პოზიციასაც, რომ, მოდი, დავიწყოთ ამ წერტილიდან, არც შენი და არც ჩემი რომ არის. ჩვენ პლებისციტი რატომ შემოვიტანეთ ამ თემაში? თუ ჩვენ ვერ ვთანხმდებით, მოდი, ხალხმა გადაწყვიტოს, მაგრამ მიხვდნენ, რომ ეს არა მარტო არჩევნების გადაწყვეტა იქნებოდა, სხვა ვერდიქტი იქნებოდა. ჩემი აზრია, რომ 2022-ში უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, სრული პროპორციული და იქიდან დაიწყოს ახალი ოთხი წლის ათვლა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ „მთავარი არხის“ ეთერში.