შალვა ნათელაშვილი - „ევროპულ საქართველოში“ მიმდინარეობს ჩვეულებრივი პოსტსაარჩევნო პროცესები, პარტიის ლიდერები ოპოზიციური საკონსულტაციო ფორმატის წევრებად რჩებიან
შალვა ნათელაშვილი - „ევროპულ საქართველოში“ მიმდინარეობს ჩვეულებრივი პოსტსაარჩევნო პროცესები, პარტიის ლიდერები ოპოზიციური საკონსულტაციო ფორმატის წევრებად რჩებიან

„ევროპულ საქართველოში“ მიმდინარეობს ჩვეულებრივი პოსტსაარჩევნო პროცესები, რომელიც დღეისთვის ხდება ამერიკის რესპუბლიკურ პარტიაში, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის ლიდერები ოპოზიციური საკონსულტაციო ფორმატის წევრებად რჩებიან.

„ევროპულ საქართველოში“ მიმდინარეობს ჩვეულებრივი პოსტსაარჩევნო პროცესები, რომელიც დღეისთვის ხდება ამერიკის რესპუბლიკურ პარტიაში. ამიტომ რაიმე სენსაცია და სკანდალური აქ არ არსებობს. ამბავი გახლავთ ის, რომ პარტია რჩება მტკიცე ბოიკოტისა და ოპოზიციურ პოზიციაზე. არჩეული დეპუტატები, არც ერთი არ აპირებს ქოც ხროვის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას და პარლამენტში შესვლას. პარტიის ლიდერები, მიუხედავად იმისა, იქნებიან ევროპულის ფორმატში, თუ სხვა ასპექტებში, რჩებიან ოპოზიციური საკონსულტაციო ფორმატის წევრებად და თქვენ ამას რამდენიმე დღეში კიდევ ერთხელ იხილავთ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ცნობისთვის, გიგი უგულავა „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის თანამდებობას, დავით ბაქრაძე კი, პარტიის თავმჯდომარეობას ტოვებს. რაც შეეხება გიგა ბოკერიას, დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავასგან განსხვავებით, პარტიული თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, არასწორად მიაჩნია პარტიაში ლიდერების ნაწილის დარჩენა. მისი თქმით, პასუხისმგებლობისა და განახლების მთელი არსი არის ის, რომ გუნდი ერთიანად იღებს პასუხისმგებლობას. ამასთან, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ შედეგი იყო ძალიან ცუდი, ამიტომ იღებს პასუხისმგებლობას და გზას უთმობს ადამიანებს, რომლებიც ამას უკეთესად გააკეთებდნენ. უგულავას თქმით, აუცილებელია მისი, დავით ბაქრაძისა და გიგა ბოკერიას გვერდზე გაწევა და აღნიშნა, რომ სხვა შემთხვევაში პარტიის განახლების შანსს ვერ ხედავს. გიგა ბოკერიას კი, განსხვავებული მოსაზრება აქვს. „არ ვიზიარებ იმ გადაწყვეტილებას, რომ ეს სწორი მომენტია ლიდერების ხელმძღვანელი პოზიციებიდან გასაწევად, პოლიტიკურ ცხოვრებაში გვაქვს მაგალითები ლიდერების, რომლებიც რთულ ვითარებაში უდროოდ წავიდნენ და ამით პარტიას შანსი აღარ დაუტოვეს“.