შალვა ნათელაშვილი - ორშაბათიდან ივანიშვილის ხელისუფლება იწყებს საარჩევნო კანონმდებლობაში კოსმეტიკური ცვლილებების შეტანას
შალვა ნათელაშვილი - ორშაბათიდან ივანიშვილის ხელისუფლება იწყებს საარჩევნო კანონმდებლობაში კოსმეტიკური ცვლილებების შეტანას

ორშაბათიდან ივანიშვილის ხელისუფლება იწყებს საარჩევნო კანონმდებლობაში კოსმეტიკური ცვლილებების შეტანას, – ასე ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი „ქართული ოცნების“ არჩევნებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას.

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, „საარჩევნო კოდექსში“ არსებითი ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო.

„ორშაბათიდან ივანიშვილის ხელისუფლება იწყებს საარჩევნო კანონმდებლობაში კოსმეტიკური ცვლილებების შეტანას. ის გამწარებული ეჭიდება ბოლო ხავსს, რომ რამენაირად მიტაცებული ძალაუფლება შეინარჩუნოს და წინასწარ ვუცხადებ მას, ეს არ გამოუვა. ცვლილებები საარჩევნო კოდექსში უნდა ყოფილიყო არსებითი. საარჩევნო კომისიებში უნდა ყოფილიყო პრტიების თანასწორი წარმომადგენლობა, უბნებზე უნდა დამდგარიყო ვიდეოკონტროლის უახლესი მექანიზმები, პირველსავე მოთხოვნისთანავე უნდა გადათვლილიყო საარჩევნო ბიულეტინები და რაც მთავარია, არჩევნები უნდა გამოცხადებულიყო სავალდებულოდ, როგორც ეს არის თითქმის მსოფლიოს ნახევარ დემოკრატიულ სისტემებში. არც ერთი მოთხოვნა ივანიშვილის რეჟიმმა არ შეასრულა და გადავიდნენ კოსმეტიკურ ცვლილებებზე იმის თაობებზე, რომ თურმე მოსყიდვაში მხილებული პირი სისხლის სამართლის წესით აგებს პასუხს. ასეთი მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში საბჭოთა კავშირის დროიდან არსებობს და დღემდე ვერ ვნახეთ ვერც ერთი გასამართლებული აი, ამ დანაშაულისათვის ქვეყანაში. ამიტომ დღეს ჩვენ უნდა მოვემზადოთ არჩევნებში მასობრივი ლაშქრობისათვის, ეს არ არის არჩევნებზე წასვლა. ეს მასობრივი ლაშქრობაა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე გასაყვანად, მეტასტაზების მოსაცილებლად“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

პარტია „ქართული ოცნება“ ინიციატივით გამოდის, რომ ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრდეს.  შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსსა“ და მისგან გამომდინარე „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის.

დატოვე კომენტარი