სფფ-ს პრეზიდენტი - ბათუმისნაირი ინფრასტრუქტურით უეფა-ს ტურნირებს მარტივად ვუმასპინძლებთ
სფფ-ს პრეზიდენტი - ბათუმისნაირი ინფრასტრუქტურით უეფა-ს ტურნირებს მარტივად ვუმასპინძლებთ

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საახალწლო ინტერვიუში ყურადღება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე გაამახვილა.

„ეს იყო ერთ-ერთი ის მიმართულება, სადაც პრობლემა არ შეგვქმნია და არცერთი პროექტი არ გაჩერებულა. თუ 2020 წელს რაიმე პოზიტივს დავინახავთ, ერთ-ერთი უდავოდ ინფრასტრუქტურა იყო. ბათუმის არენას არა მხოლოდ ბათუმელები, მთელი ქვეყანა ველოდებოდით. ქართული ფეხბურთის და ზოგადად, საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში მსგავსი მასშტაბის ინფრასტრუქტურა არ აშენებულა. ამავე დროს, გლდანში დასრულდა საფეხბურთო ცენტრების მშენებლობა, რუხში – სფფ-ს მორიგი აკადემია, კიდევ ერთი აკადემიის მშენებლობა ქუთაისში დავიწყეთ, ვაკის სტადიონი თავიდან მოეწყო – ბევრი სხვა პროექტებიც მიმდინარეობს. ამ კუთხით 2020 წელი ყველაზე წარმატებული იყო. ბევრი პოზიტივი შემოიტანა და ნამდვილად მეამაყება ის, რაც ჩვენმა გუნდმა და ყველა იმ ადამიანმა შეძლო, ვინც გვერდში გვედგა“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.

სფფ-ს პრეზიდენტმა უეფა-ს გადაწყვეტილებაზეც ილაპარაკა, რომ 2023 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ.

„აქამდე ასეთი შეჯიბრებისთვის არასოდეს გვიმასპინძლია. ეს არაა ერთი თამაში, არამედ, ტურნირია, რომელიც რამდენიმე კვირა გრძელდება. ინფრასტრუქტურაც მოსაწყობი იქნება, რაც საბოლოოდ, ტურნირის შემდეგ ისევ ქვეყანას და ქართულ ფეხბურთს შეემატება – სავარჯიშო მოედნები, კეთილმოწყობილი სტადიონები და ბაზები. ამავე დროს, ამ ტურნირზე ჩვენი ახალგაზრდა მოთამაშეები უდიდეს გამოცდილებას მიიღებენ, რაც სამომავლოდ უკვე ეროვნულ ნაკრებში გამოადგებათ. ამის ყველაზე დიდი პოზიტივი ისაა, რომ ფინალი საქართველოში, ბათუმის არაჩვეულებრივ სტადიონზე ჩატარდება. როდესაც ქვეყანაში ასეთი ინფრასტრუქტურა შენდება, მერე უეფა-სთვისაც გაცილებით მარტივია, რომ მსგავსი ტურნირებისა და თამაშების მასპინძლობის უფლება მოგვცეს“.