სფფ-ს მორიგი ინფრასტრუქტურული პროექტი - დიდ დიღომში საფეხბურთო ცენტრი აშენდება (ვიდეო)
სფფ-ს მორიგი ინფრასტრუქტურული პროექტი - დიდ დიღომში საფეხბურთო ცენტრი აშენდება (ვიდეო)

დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის №14-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უახლოეს პერიოდში მორიგი საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა დაიწყება და მას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სფფ) ააშენებს – ინფორმაციას სფფ-ს ოფიციალური გევრდი ავრცელებს.

ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოს ტერიტორია სახელმწიფომ საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადასცა. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედნის მშენებლობა, განათებით, ტრიბუნით და ადმინისტრაციული შენობით. საფეხბურთო ცენტრით სარგებლობას სრულიად უფასოდ შეძლებენ ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები, მოყვარულთა და ქალთა კლუბები. ტექნიკური ცენტრის მოვლა-პატრონობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.

სფფ-ს ცნობით, პროექტის საერთო ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და FIFA-ს პროგრამა „ფორვარდის“ თანადაფინანსებით განხორციელდება. მშენებლობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება და მისი დასრულება 2021 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

​შეგახსენებთ, რომ მსგავსი საფეხბურთო ცენტრი უკვე ფუნქციონირებს ვარკეთილში. გლდანში, ვაკეში და ფოთში კი, მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გეგმით, საფეხბურთო ცენტრები თბილისის კიდევ რამდენიმე უბანსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აშენდება.