სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი - გამოვლენილია ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემები, რაც დასავლურ მოდელს გვაშორებს #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკა ჯღარკავამ საქართველოს პირველ არხთან სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავების პროცესზე ისაუბრა და კვლევების შედეგად ქართულ ფეხბურთში გამოვლენილი მთავარი პრობლემა ახსენა.
„სტრატეგიის შექმნის და შემუშავების პროცესში უმთავრესი არის მასში გაწერილი ყველა მიმართულებებით საქმიანობის გეგმის შესაბამისად წარმართვაა, მაგრამ არის გარეშე ფაქტორებიც, რაზეც რამდენიმე მიმართულებაში მნიშვნელოვნად ვიქნებით დამოკიდებული.
ამ ეტაპზე იმის თქმა შესაძლებელია, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად გამოვლენილია მთავარი გამოწვევები და პრობლემები, რაც ჩვენ გვაშორებს დასავლურ საფეხბურთო მოდელთან. ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი შრომა მოგვიწევს, რომ ეს ქვემიმართულებები და მიმართულებები გავაძლიეროთ ისე, როგორც ამას თანამედროვე ევროპული საფეხბურთო განვითარების მოდელი მოითხოვს.
სტრატეგიული განვითარების გეგმა 4 სეზონს მოიცავს. რა თქმა უნდა, გარკვეული სამუშაოები წელსაც დაიგეგმა, მაგრამ ძირითადად, ეს მაინც მოსამზადებელი და საკვლევი სამუშაოები იქნება. მთავარი მიმართულებებებია მასობრიობა – და არა მხოლოდ ფეხბურთის, არამედ, ზოგადად – სპორტის. ასევე პრიორიტეტულია ინფრასტრუქტურა.
უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა შიდა შეჯიბრებების თვითკმარობა, რაც უკვე ავტომატურად გადადის საკლუბო სივრცეში და კლუბების გაძლიერებაში. ეს არის ძირითადად ის, რაც გვაშორებს დასავლურ საფეხბურთო მოდელს. ეს ერთიანობაში რომ მოვაქციოთ, ესაა ფეხბურთის ბიზნესის სფეროდ ჩამოყალიბება, რაც არა მხოლოდ ჩვენთან, მთლიანად აღმოსავლეთ ევროპაში პრობლემას წარმოადგენს“, – ამბობს ნიკა ჯღარკავა.