ესპანური „სევილიის“ ახალი მთავარი მწვრთნელი დიეგო ალონსო იქნება, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
48 წლის ურუგვაელი სპეციალისტის კონტრაქტი ევროპის ლიგის მოქმედ გამარჯვებულთან მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვლილი.
ესპანურმა კლუბმა ცოტა ხნის წინ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ხოსე ლუის მენდილიბარი გაათავისუფლა, რომელთან ერთადაც მაისში ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირი მოიგო. ხელმძღვანელები ამ სეზონში მენდილიბარის გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგით (11 მატჩში 2 გამარჯვება) უკმაყოფილოები იყვნენ.
დიეგო ალონსოს ჯერ ევროპულ გუნდში საქმიანობის გამოცდილება არ აქვს. ის ბოლოს ურუგვაის ნაკრებს ედგა სათავეში, ხოლო მანამდე „ინტერ მაიამიში“, „მონტერეიში“, „პაჩუკაში“, „ოლიმპიაში“, „პენიაროლში“, „გუარანსა“ და „ბელა ვისტაში“ მუშაობდა.
ამჟამად „სევილია“ ლა ლიგაში მე-14 ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მესამე პოზიციას იკავებს.