სესილია მალმსტრომი - ვიმედოვნებთ, რეფორმები გაგრძელდება და საქართველო კვლავ ისარგებლებს უპირატესობით, რაც დაკავშირებულია ჩვენს საერთო ღირებულებებთან
სესილია მალმსტრომი - ვიმედოვნებთ, რეფორმები გაგრძელდება და საქართველო კვლავ ისარგებლებს უპირატესობით, რაც დაკავშირებულია ჩვენს საერთო ღირებულებებთან

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე უკვე კარგად ფუნქციონირებს, თუმცა მუდმივად საჭიროებს ზრდა-განვითარებას, – ამის შესახებ ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა, სესილია მალმსტრომმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვდრის შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია რეფორმების განხორციელება.

„ვიმედოვნებთ, დემოკრატიული რეფორმები მომავალშიც გაგრძელდება და საქართველო კვლავაც ისარგებლებს იმ უპირატესობით, რაც დაკავშირებულია ჩვენს საერთო ღირებულებებთან. ეს განწყობა უნდა შენარჩუნდეს, ყველა მნიშვნელოვანი აქცენტი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთდა, უნდა იყოს გათვალისწინებული და მოსახლეობისა და ინვესტორების მხრიდან რეფორმებისადმი სრული ნდობა არსებობდეს“, – განაცხადა ევროკომისარმა.

ამასთან, მისი თქმით, საქართველომ უნდა განავითაროს შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის.

„გვსურს, საქართველომ განავითაროს შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის. ხორციელდება რეფორმები უკეთესი მომავლისთვის და ჩვენ ამას მივესალმებით. არსებობს უფრო მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა“, – განაცხადა სესილია მალმსტრომმა.

მისი თქმით, ხალხთაშორის ურთიერთობებში გაუმჯობესებული მობილობა და ვიზალიბერალიზაცია, ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით ისარგებლონ, მეტი ეკონომიკური ინტეგრაციის საშუალებას იძლევა.

„პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ბიზნესასოციაციასთან განვიხილავ ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ შესაძლებლობებს“, – განაცხადა ევროკომისარმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს მასპინძლობისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძისა და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრის, სესილია მალმსტრომის შეხვედრა დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვდრის შემდეგ პრემიერმა და ევროკომისარმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.