სერია A-მ რასიზმთან ბრძოლის კამპანია დაიწყო. ლიგის ხელმძღვანელობამ სამი ნახატი წარმოადგინა. სამივეზე გამოსახულია მაიმუნი კლუბების ფერებში. პროექტის ავტორი მხატვარი სიმონე ფუგაძოტო გახლავთ.
„გადავწყვიტე მაიმუნების დახატვა იმისთვის, რომ მელაპარაკა რასიზმზე. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის გამო, რომ მაიმუნი – ადამიანის მეტაფორაა. გასულ წელს ვიყავი „ინტერისა“ და „ნაპოლის“ მატჩზე და თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი, როცა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელის კულიბალის შეურაცხყოფისთვის მაიმუნის ჟესტები და ხმები გამოიყენეს.
მაიმუნებს ხუთი-ექვსი წელია ვხატავ. და ვიფიქრე, რომ შევძლებდი ისეთი სამუშაოს შესრულებას, რითაც ყველა გაიგებდა, რომ ჩვენც მაიმუნები ვართ. დავხატე ევროპული მაიმუნი ცისფერი თვალებით და სახის თეთრი ფერით, აზიური მაიმუნი წვრილი თვალებით და ცენტრში შავი მაიმუნი, საიდანაც დაიწყო კიდეც ყველაფერი. მაიმუნმა ყველას უნდა ასწავლოს, რომ არ არსებობს საზღვარი მასსა და ადამიანს შორის. ისინი ერთნაირები არიან. ჩვენ ყველანი მაიმუნები ვართ.
მინდოდა მეჩვენებინა, რომ ჩვენ რთული და სახალისო არსებები ვართ. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ნაღვლიანები ან ბედნიერები, კათოლიკები, მუსლიმები ან ბუდისტები, მაგრამ ბოლოსდაბოლოს, ჩვენს მოქმედებას ჩვენ განვსაზღვრავთ და არა კანის ფერი“, – ახსნა ფუგაძოტომ.
ამასობაში, ეს პერფორმანსი არ მოიწონეს Fare-ში – ორგანიზაციაში, რომელიც ფეხბურთში რასიზმს ებრძვის.
„კიდევ ერთხელ იტალიური ფეხბურთი მეტყველების უნარს გვართმევს.
ქვეყანაში, სადაც მთავრობა ყოველ კვირა ვერ უმკლავდება რასიზმს, სერია A იწყებს კამპანიას, რომელიც არაჯანსაღ ხუმრობას ჰგავს. ეს ნამუშევარი აღმაშფოთებელია, მისი გავლენა უკუეფექტს გამოიწვევს და გააგრძელებს აფრიკული მემკვიდრეობის წარმომადგენელთა დეჰუმანიზაციას.
რთული სათქმელია, რაზე ფიქრობდნენ ისინი, ვის ჰკითხეს რჩევა? დადგა ლიგაში პროგრესული კლუბების დრო, რათა ყველამ მათი ხმა გაიგონოს“, – წერია Fare-ს განცხადებაში.