კვარაცხელიამ გაიტანა - „ნაპოლიმ“ ხვიჩას გოლით „ვერონა“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში მორიგი გოლი გაიტანა და „ნაპოლის“ გმირი გახდა „ვერონასთან“ შეხვედრაში, რომელიც ქართველის გუნდმა 2:1 მოიგო.

იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩს ნეაპოლელებმასტადიო მარადონაზე“ უმასპინძლეს. ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც წინა ტურში „ლაციოსთან“ მატჩი ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო გამოტოვა, ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა.

მასპინძლებმა პირველი წუთებიდან „ვერონაზე“ ზეწოლა სცადეს. ყველაზე მწვავედ ხვიჩა უტევდა – ქართველმა თავდამსხმელმა ორჯერ სცადა კარის აღება, მაგრამ ორივეჯერ სტუმრები მეკარე ლორენცო მონტიპომ გადაარჩინა.

ნაპოლიმ“ მეორე ტაიმში უფრო აგრესიულად შეუტია და გატანის რეალური შანსი ჰქონდა. კვარაცხელია კვლავ აქტიურობდა, რამდენიმეჯერ სცადა კარის აღება, მაგრამ მცველები დარტყმას ბლოკავდნენ. 59-ე წუთზე კი მცველს ეფექტურად გასცდა, მაგრამ მახვილი კუთხიდან კარს ააცილა.

თუმცა, „ვერონა“ სახიფათო კონტრშეტევების განხორციელებას ახერხებდა და ანგარიშიც გახსნა. სტუმართა შეტევა 72-ე წუთზე დიეგო კოპოლამ დააგვირგვინა, მაგრამ შვიდ წუთში ნეაპოლელების შეტევა გუნდის ახალწვეულმა, სირილ ნგონგემ დაასრულა და სადებიუტო გოლით წონასწორობა აღადგინა.

„ნაპოლის“ მოგების რეალური შანსი ჰქონდა. 83-ე წუთზე კვარაცხელიამ მცველს ბურთი წაართვა და მეკარესთან ერთი-ერთზე ჯოვანი სიმეონე დატოვა, მაგრამ არგენტინელმა თავდამსხმელმა შანსით ვერ ისარგებლა. თუმცა ბოლოს მონდომება მაინც დაუფასდა და თავად გაიტანა – 86-ე წუთზე ხვიჩამ ბურთი საჯარიმოსთან მიიღო და შორიდან ეფექტური გასროლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1.

23 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 35 ქულა დააგროვა და სერია A-ში ​ მეშვიდე ადგილზე დაწინაურდა, ხვიჩას კი მიმდინარე სეზონში ექვსი გოლი და სამი საგოლე გადაცემა დაუგროვდა.