სერგო რატიანი - თვითონ თუ სჯერა აბაშიშვილს იმ ბოდვის, რასაც ლაპარაკობს
სერგო რატიანი - თვითონ თუ სჯერა აბაშიშვილს იმ ბოდვის, რასაც ლაპარაკობს

პრეზიდენტი იყო ჭანჭიკი, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ასრულებდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა სერგო რატიანმა პრეზიდენტის კრიტიკასთან და ახალი უმრავლესობის ფორმირებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

რატიანს აინტერესებს, თავად თუ სჯერა აბაშიშვილს თავისივე განცხადების „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ მონაწილეობით ახალი უმრავლესობის ფორმირების შესახებ.

„მე არ მინახავს ეს განცხადება და მინდა ჟურნალისტებს გკითხოთ, როდესაც ამას ამბობდა სახე სერიოზული ჰქონდა თუ ეცინებოდა? თვითონ თუ სჯერა იმ ბოდვის, რასაც ლაპარაკობს“, – განაცხადა რატიანმა.

მისი შეფასებით, პრეზიდენტს გავლენა არ ჰქონია და ის იყო მცირე ჭანჭიკი, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ასრულებდა.

„რაც შეეხება ჩვენ კრიტიკას, მე უნდა დავამშვიდო პრეზიდენტი. პრეზიდენტი იყო „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივი პოლიტიკის ერთი პატარა ჭანჭიკი, დიდი გავლენა არ ჰქონდა, მაგრამ იყო ჭანჭიკი და ასრულებდა იმას, რა პოლიტიკაც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, დაკავშირებულს კრიმინალთან მიმართებაში. „ქართული ოცნების“ პოლიტიკა კი, კრიმინალთან მიმართებაში იყო ისეთი, რომ ათავისუფლებდნენ ჯაშუშებს, იწყალებდნენ დამნაშავეებს, რელიგიურ ექსტრემისტებს და ა.შ.

პრეზიდენტის ფუნქცია აქ იყო ჭანჭიკის, მაგრამ ალბათ, სხვა რამ უნდა იყოს პრეზიდენტის უფლება“, – განაცხადა რატიანმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა დეპუტატების მხრიდან პრეზიდენტის მისამართით გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მონაწილეობით.   მისივე თქმით, უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი დღეს არის საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება.