სერგო რატიანი - ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთი ქმედებების სხვისთვის გადაბრალებას ცდილობენ
სერგო რატიანი - ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთი ქმედებების სხვისთვის გადაბრალებას ცდილობენ

„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად თავიანთი ქმედებების სხვისთვის გადაბრალებას ცდილობენ.

რატიანი ამ კომენტარით საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„ხელისუფლების ქმედებები ამ მიმართულებით არის სრულიად უსინდისო და ხშირ შემთხვევაში იმ ქმედებების სხვისთვის გადაბრალება ხდება, რასაც თავად აკეთებენ. 20 ივნისს ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშუალი, როდესაც დაარბია მომიტინგეები, თვალები დათხარა ახალგაზრდებს, მაგრამ მათ სურთ, გახარიას სურს, რომ თავისი დანაშაული გადააბრალოს სხვას. უდანაშაულო ადამიანები სხედან ციხეში, ადამიანები, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო პოლიტიკასთან. იგივე საპატრიარქოსთან შექმნილი ვითარება; ჩვენ ვხედავთ, რომ პირდაპირი მხილება იყო ხელისუფლებისა, რომ მაღალი თანამდებობის პირები აწყობენ შეთქმულებას, აპირებდნენ იქ გარკვეული არაკანონიერი ქმედებების ჩატარებას და ახლა უნდათ აქცენტირების გადატანა სხვაზე. ამას ქვია ჩვეულებრივი უსინდისობა“, – აღნიშნა სერგო რატიანმა.

ამასთან, რატიანმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ არ აინტერესებს, ვის გულისხმობს მმართველი გუნდი დესტრუქციულ ძალებში.

„მე მაინტერესებს ხელისუფლების უსინდისო ქმედებები“,- დასძინა სერგო რატიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ  განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, საპატრიარქოს მოვლენების მიღმა იდგნენ იგივე ადამიანები, ვინც პარლამენტზე მიტანილი ძალადობრივი შეტევისა და დისკრედიტაციის უკან იყვნენ.