სერგო ჩიხლაძე - თუ პოლიტიკური შეთანხმება ვერ მოხდება, ოპოზიციის უმეტესი ნაწილი საპარლამენტო ცხოვრებაზე უარს ვიტყვით
სერგო ჩიხლაძე - თუ პოლიტიკური შეთანხმება ვერ მოხდება, ოპოზიციის უმეტესი ნაწილი საპარლამენტო ცხოვრებაზე უარს ვიტყვით

ამ თემაზე ოპოზიციაში არ გვიმსჯელია, ეს ბატონი ელისაშვილის პირადი აზრია. ვადასტურებ, ჩვენ ველოდებით მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს, რის შემდეგაც შემდეგი ნაბიჯები გაირკვევა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა, სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, რითაც გამოეხმაურა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ არ გამორიცხავს, პარტია „მოქალაქეები“ პარლამენტში ოპოზიციის გარეშე შევიდნენ.

როგორც ჩიხლაძე ამბობს, მათ ღირებულებებზე უკვე გაცხადებული აქვთ. ამასთან, ჩიხლაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგება, ოპოზიციის უდიდესი ნაწილი საპარლამენტო ცხოხვრებაზე უარს იტყვის.

„ერთი წლით ადრე ვისაუბროთ რაღაცაზე, რაზეც მანამდე გადასადგმელ ნაბიჯებზე ვერ გაგვირკვევია, რას ვაკეთებთ, არ მგონია, სწორი იყოს. ჩვენს ღირებულებებზე გაცხადებული გვაქვს, ესაა ის ოთხი საკითხი, რაც მოლაპარაკებების მაგიდასთანაა. თუ ამ საკითხებზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური შეთანხმება მოხდება, გაგრძელდება ჩვეულებრივი, ნორმალური პროცესი პოლიტიკაში. თუ ვერ შედგა შეთანხმება, ოპოზიციის უმეტესი ნაწილი უარს ვიტყვით საპარლამენტო ცხოვრებაზე“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც აღნიშნა, რომ ელჩების გარეშე სულ მცირე, ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან მმართველი გუნდის წევრების მხრიდან სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია შედგა, ჩიხლაძე ამბობს, რომ კობახიძეს მათ პარტიასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

„ჩვენთან ბატონ კობახიძეს კომუნიკაცია არ ჰქონია, ვფიქრობ, კობახიძის მხრიდან ეს მორიგი ტყუილია. ეს მიმართულია პროპაგანდაზე საკუთარი შიდა მოხმარებისთვის, არანაირ  ხუთ და შვიდ პარტიასთან მას პირადი კომუნიკაცია არ ჰქონია, დაზუსტებით ვიცი. თუ 2021 წელს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ყველა პოლიტიკური ძალა შევა პარლამენტში, თუ არ მოხერხდა, არც სამთან, არც ხუთთან, არავინ პარლამენტში არ შევა, ეს ბატონი კობახიძის მორიგი ტყუილია“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.