სერგო ჩიხლაძე - „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია არ შეცვლილა და გადახედვას არ ექვემდებარება, არავის წინაშე გვაქვს ვალდებულება, რაღაც ზედმეტად ავხსნათ
სერგო ჩიხლაძე - „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია არ შეცვლილა და გადახედვას არ ექვემდებარება, არავის წინაშე გვაქვს ვალდებულება, რაღაც ზედმეტად ავხსნათ

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია არ შეცვლილა და გადახედვას არ ექვემდებარება. დიალოგი ნებისმიერ საკითხზე შეიძლება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელს“ „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ოფიციალურად დაანონსებული შეხვედრა არ ჰქონია.

„ოფიციალურად დაანონსებული შეხვედრა არ ყოფილა. ჩვენ ვთქვით, რომ ამაზე ვიმსჯელებდით და შეხვედრას წინ არაფერი ედგა. ასევე, შევთავაზეთ ჩვენს კოლეგებს, რომ ოპოზიციურ ფორმატში, როგორც გვაქვს შეხვედრები, უმჯობესია ასე გაიმართოს, ვიდრე პირისპირ, რომ არ იყოს ზედმეტი კითხვები, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, შევთანხმდებით, არ შევთანხმდებით ოპოზიციური კონსენსუსი უნდა იყოს ამ საკითხებზე. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა სჯობს, ფართო ფორმატში განხილვა, ვიდრე პირისპირ. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია არ შეცვლილა და გადახედვას არ ექვემდებარება. დიალოგი ნებისმიერ საკითხზე შეიძლება. „გირჩის“ და „მოქალაქეების“ პოზიცია, რაღაც აგვიხსენითო, არავის წინაშე ვალდებულება არ გვაქვს, რაღაც ზედმეტად ავხსნათ იმის გარდა, რაც განვაცხადეთ“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, გიორგი ვაშაძის მიმართ ზეწოლა განხორციელებულიყო, ჩიხლაძე აცხადებს, რომ „ამაზე სერიოზული კომენტარიც არ ღირს“.

„ამაზე სერიოზული კომენტარიც არ ღირს. ეს არის ჩვეულებრივი ორღობის ჭორიკნობა, ამ ჭორიკნობას არ ავყვებით, არც ერთ ჯერზე არც „მოქალაქეებისთვის“, არც „გირჩისთვის“ ბრალი არ დაგვიდია, არც ცილი დაგვიწამებია, არც შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია, მიუხედავად ბევრი გამონათქვამისა. ერთადერთი ვიყავით, ვინც პატივს ვცემთ მათ პოზიციას, თუმცა არ ვეთანხმებით და ჩვენ გვეგონა, რომ ისინიც მსგავსი პოზიციით და დამოკიდებულებით იყვნენ. ჭორიკნობას არ ავყვებით, ჭორიკნობა აზიანებს ადამიანის ღირსებას“ – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებენ, რომ გიორგი ვაშაძე მათთან შეხვედრაზე თანახმა იყო, თუმცა დღეს პოზიცია შეცვალა და შეხვედრაზე უარს აცხადებს.