სერგო ჩიხლაძე - შეთანხმების მიღწევის რესურსი ჯერ კიდევ არის, ვინაიდან მანდატებზე უარის დაკმაყოფილებამდე ორი კვირაა
სერგო ჩიხლაძე - შეთანხმების მიღწევის რესურსი ჯერ კიდევ არის, ვინაიდან მანდატებზე უარის დაკმაყოფილებამდე ორი კვირაა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევის რესურსი ჯერ კიდევ არსებობს, ვინაიდან დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ოპოზიციის განცხადებების დაკმაყოფილებამდე კიდევ ორი კვირა დარჩა.

ამასთან, სერგო ჩიხლაძე აღნიშნავს, რომ ამ განცხადებების დაკმაყოფილების შემდეგაც შესაძლებელია მოლაპარაკებების გაგრძელება.

„მოლაპარაკებებს ყოველთვის აქვს აზრი, ვიდრე ოდნავ მაინც იქნება შანსი, რომ მოლაპარაკება შედგეს, ოღონდ არა მოლაპარაკება მოლაპარაკებისთვის, არამედ უნდა მოხდეს შეთანხება, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს. ამიტომ ამის რესურსი ჯერ კიდევ არის, მათ შორის ტექნიკურადაც, ვინაიდან მანდატებზე უარის დაკმაყოფილებამდე არის ორი კვირა. თუმცა ჩემი აზრით, ამის შემდეგ მოლაპარაკებები მაინც გაგრძელდება.

არ ველი, რომ უახლოეს დღეებში, თუნდაც ეს კვირაში ეს გადაწყდება. საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნება“ აუცილებლად წამოვა მოლაპარაკებებზე არსებული ღრმა კრიზისიდან გამომდინარე. ეს იქნება ზამთარში თუ ადრეულ გაზაფხულზე, ეს აუცილებლად მოხდება.

რაც შეეხება ჩახსნილ მანდატებს, აქ პოლიტიკური შეთანხმება თუ იქნება, მოინახება გადაწყვეტილება. შეგახსენებთ 2008-2009 წლის პრეცედენტებს, როდესაც მსგავსი რამ მოხდა და დეპუტატები შიგნით შებრუნდნენ. ამის პრეცედენტები არსებობს იგივე კონსტანტინე გამსახურდიასთან და სხვებთან, თუ ასე მივუდგებით საკითხს, მაგრამ მთავარია მოლაპარაკება შედგეს და გზები გამოინახოს ამ პროცესის შესაბრუნებლად. მე არ ვპროგნოზირებ, რომ უახლოეს დღეებში ან ახალ წლამდე ეს მოხდება“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.