სერგო ჩიხლაძე - „ქართულმა ოცნებამ“ მორიგ ჯერზე დაარღვია შეთანხმება, ეშინია, გადადგას ნაბიჯი დემოკრატიისკენ და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება
სერგო ჩიხლაძე - „ქართულმა ოცნებამ“ მორიგ ჯერზე დაარღვია შეთანხმება, ეშინია, გადადგას ნაბიჯი დემოკრატიისკენ და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება

„ქართულმა ოცნებამ“ მორიგ ჯერზე დაარღვია შეთანხმება, მორიგ ჯერზე ითაღლითა. 2021 წელს ეშინია, 2025-2026 წელს როგორი იქნება პროკურორის არჩევის წესი. ეშინია, რომ გადადგას ნაბიჯი დემოკრატიისკენ და შეასრულოს ვალდებულება, რომელიც თვითონვე იკისრა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო ბარიერის ორ პროცენტამდე შემცირება მნიშვნელოვანია.

„მნიშვნელოვანია ორპროცენტიანი ბარიერის არსებობა და სრულიად პროპორციული არჩევნები. ალბათ მათ ჩანაფიქრიც ჰქონდათ, რომ ვინაიდან პროკურორის არჩევის შესახებ ჩანაწერი ამოიღეს, ჩვენ მთლიანად პაკეტზე ვიტყოდით უარს, თუმცა ეს არ მოხდა და ორი უმნიშვნელოვანესი მიმართულება შენარჩუნებულ იქნა პირველ მოსმენაზე, თუმცა მეორე-მესამე მოსმენაზე რას ითაღლითებს „ქართული ოცნება“ და რა სიურპრიზს გამოაგდებს, ეს კიდევ საკითხავია“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში საარჩევნო ბარიერი ხუთიდან ორ პროცენტამდე მცირდება. იცვლება ფრაქციების დაკომპლექტების წესი და მას შვიდის ნაცვლად, ოთხი დეპუტატი შექმნის.

პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, კონსტიტუციური პროექტიდან ამოღებულია ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ კვალიფიციურმა უმრავლესობამ უნდა აირჩიოს სამი ეტაპის შედეგად გენერალური პროკურორი. ძალაში დარჩება მოქმედი ნორმა, რომლის გათვალისწინებითაც, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ირჩევს ექვსი წლის ვადით, 76 დეპუტატის მიერ. ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება. ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.