სერგო ჩიხლაძე - ოპოზიციური შეხვედრა სავარაუდოდ მომავალ კვირას გაიმართება
სერგო ჩიხლაძე - ოპოზიციური შეხვედრა სავარაუდოდ მომავალ კვირას გაიმართება

მეხუთე რაუნდზე, ჯერ არაფერი ისმის, სამწუხაროდ სივრცე მოლაპარაკებების იხურება, დროც აღარ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, თუ შედგება ის, უახლოეს ორ კვირაში შედგება, თუ არ შედგება მერე კიდევ უფრო ნაკლები შანსი რჩება ამის განვითარების, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

როგორც სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, ოპოზიციის შიგნით, მთლიანი ოპოზიციური შეხვედრა ჯერ არ ყოფილა, სავარაუდოდ ეს მომავალ კვირაში გაიმართება.

„ჩვენ განვიხილავთ მიმდინარე მოვლენებს, განსაკუთრებით საერთაშორისო არენაზე საინტერესო პროცესები განვითარდა, ოპოზიცური საერთო შეხვედრა გვექნება და ამას დავაანონსებთ აუცილებლად“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ამასთან, სერგო ჩიხლაძემ ირაკლი კობახიძის განცხადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის მორიგი ხრიკი, რომელსაც ოპოზიცია არ აჰყვება.

„ჩვენ გვინდოდა გაყალბების დამტკიცება, კობახიძეზე სამი თვით ადრე და ყველა ლეგალური გზა გავიარეთ, რაც ხელისუფლებამ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, სასამართლოებმა ჩაკეტეს. იმავეს გვთავაზობს, რაზეც უარი გვითხრა სამი თვის წინ, ლეგალურად როდესაც შეიძლებოდა ამის მოგვარება. ახლა შეუძლებელია, უკვე ჩაკეტილია ეს პროცესი. სამი თვით უკან ხო ვერ დაბრუნდება სასამართლო ან ცესკო, მაშინ უნდა გააუქმოს ის შედეგები და მივიდეს ისევ 1,2,3 ნოემბრის დღეებში, როდესაც ჩვენ მასიურად ყველა მტკიცებულება წარვადგინეთ. ამიტომ, ეს არის ტყუილი ბატონი კობახიძის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ტყუილს და ამ ხრიკებს ჩვენ არ გავყვებით“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ სთავაზობენ ოპოზიციურ პარტიებს, ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში, გადამოწმდეს იმდენი საარჩევნო უბნის მონაცემები, რამდენიც საჭიროდ ჩაითვლება სიმართლის დასადგენად.

მისივე თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება თებერვლის პირველივე კვირაში და მოიწვევენ ყველა საერთაშორისო, თუ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას.