სერგო ჩიხლაძე - მოლაპარაკებების გაგრძელებას უახლოეს კვირებში უნდა ველოდოთ
სერგო ჩიხლაძე - მოლაპარაკებების გაგრძელებას უახლოეს კვირებში უნდა ველოდოთ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში გაიმართება.

„მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ამ თვეში, იანვარში გაიმართება და ამაზე არაერთი მინიშნება გააკეთეს თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ჩვენ, მთელი ოპოზიციური სპექტრი, ასევე ფასილიტატორი ელჩებიც უკვე რამდენიმე კვირაა, მოლოდინის რეჟიმში ვართ და დიდი ალბათობით, უახლოეს კვირებში უნდა ველოდოთ ამ მოლაპარაკებების გაგრძელებას. მოლოდინი გვაქვს, რომ რეალურად შედგება შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევა იქამდე მოხდა, ვიდრე პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას კენჭს უყრის, ისინი პარლამენტში განაგრძობენ მუშაობას.

„მანდატებზე უარის განცხადებით ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მივმართეთ პარლამენტს. ახლა ყველაფერი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. თუ მოლაპარაკება წავიდა საკმაოდ ინტენსიურად და შეთანხმება მოხდება იქამდე, სანამ პროცედურულად ჩაიხსნება მანდატები, მაშინ შესაძლებელია, ამ დეპუტატებმა უკვე პარლამენტში გააგრძელონ მუშაობა“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მიმართეს: „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ლელომ“, „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებულმა ოპოზიციამ“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „პატრიოტთა ალიანსმა“ და ზურაბ ჯაფარიძემ.  სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტისთვის არ მიუმართავთ პარტია „მოქალაქეებს“ და „გირᲩის“ სამ წევრს.