სერგო ჩიხლაძე - მაგიდასთან მჯდომ ოპოზიციის არც ერთ წარმომადგენელს რევოლუციურ სცენარზე არ უსაუბრია
სერგო ჩიხლაძე - მაგიდასთან მჯდომ ოპოზიციის არც ერთ წარმომადგენელს რევოლუციურ სცენარზე არ უსაუბრია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი თავისი დღევანდელი განცხადებებით ოპოზიციას და ხელისუფლებას მოუწოდებს დიალოგისა და მოლაპარაკებებისკენ.

მისივე თქმით, დღევანდელი განცხადებებითვე, ფასილიტატორი ელჩი არ იწონებს ხელისუფლების მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ინიციატივებს პარტიების დაფინანსებისა და რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ.

„რამდენიმე საინტერესო გზავნილი აქვს ბატონ ჰარცელს. ის კვლავ მოუწოდებს მხარეებს, დიალოგისკენ და მოლაპარაკებისკენ და კარები რომ არ მოიჯახუნონ, ამაში აბსოლუტურად სრულიად ოპოზიცია ვართ ერთიანი. მიუხედავად „ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლო, დესტრუქციული განცხადებებისა ჩვენ ყოველდღე ვადასტურებთ, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის და ფასილიტატორმა ელჩებმა ეს იციან. მეორე მნიშვნელოვანი გზავნილი არის იმავე მთავრობისადმი, რომ არ იწონებს მათ დაანონსებულ პაკეტს პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ. ეს არ არის დემოკრატიული. იგივეა დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომ ეს დემოკრატიულობის ხარისხს გააუარესებს და პლურალიზმს არ შეუწყობს ხელს. ასე რომ, სერიოზული გზავნილებია ორივე მხარისთვის და, პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის. იმედია „ქართული ოცნება“ ამას გაითვალისწინებს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების მაგიდასთან მჯდომ ოპოზიციის არც ერთ წარმომადგენელს რევოლუციურ სცენარზე არ უსაუბრია.

„რაც შეეხება რევოლუციას, არც ერთ ოპოზიციურ პარტიას, არც ერთ ლიდერს, არც ერთ წევრს ამ ოპოზიციურ მაგიდასთან, რომელსაც ყველა ვესწრებით, არასდროს არავის რევოლუციურ სცენარზე არ უსაუბრია. თუ ვინმეს უნდა, დესტრუქციული მოქმედებები, თუ ვინმეს უნდა რაღაც რადიკალიზაციის პროცესები, ეს მხოლოდ „ქართული ოცნებას“. შეგახსენებთ ოპოზიცია არ დამუქრებია „ქართულ ოცნებას“ არც დაჭერით, არც დაფინანსების მოხსნით, არც გაუქმებით, არც რეგისტრაციიდან მოხსნით. არც არჩევნები არ გაუყალბებია ოპოზიციას. შესაბამისად, ეს დესტრუქციული ქმედებები რჩება ხელისუფლების მხარეს. ეს არის მოცემული რეალობა და რაც შეეხება აქციებს, მანიფესტაციებს, აქ ბატონი ჰარცელი ამბობს, რომ კანონის ფარგლებში ეს არის დემოკრატიის ნაწილი და დიახაც გაზაფხულზე და ან იმ პერიოდში, როდესაც პანდემიის სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, ამ მეთოდებსაც გამოვიყენებთ. ამაში არაფერი არადემოკრატიული არ არის, რომ მიმდინარეობდეს გარკვეულ საკითხებზე თუნდაც მიტინგი, მსვლელობა, მანიფესტაცია. ჩვენ დავინახეთ, ნოემბერში როგორი ხალხმრავალი აქცია გვქონდა და არავის არსად ქვების სროლა არ დაუწყია“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.