სერგო ჩიხლაძე - გუშინ შევხვდით პარტიები, რომლებმაც მანდატებზე უარი ვთქვით, ფართო ფორმატის შეხვედრაზე ყველა ოპოზიციური პარტია იქნება მოწვეული
გუშინ შევხვდით პარტიები, რომლებმაც მანდატებზე უარი ვთქვით, „გირჩს“ მანდატებზე უარი არ უთქვამს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ ოპოზიციის გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც ფართო ფორმატის შეხვედრა გაიმართება, ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იქნება მიწვეული.
„გუშინდელი შეხვედრა არ იყო ფართო ფორმატის, ეს იყო ინდივიდუალური შეხვედრები პარტიებს შორის, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმშია. ეს არ იყო რაღაც განსაკუთრებული, ბოლო ორი თვის განმავლობაში პარტიები ყოველდღე ვხვდებით სხვადასხვა ფორმით. როცა იქნება ფართო ფორმატის შეხვედრა, რა თქმა უნდა, ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იქნება მოწვეული. ასე ინდივიდუალური შეხვედრები ორ-სამ პარტიას ყოველდღე გვაქვს. ძირითადად, ვიყავით პარტიები, რომლებმაც მანდატებზე უარი ვთქვით, რადგან მოგეხსენებათ, მანდატების თემა უნდა განხილულიყო პარლამენტში. შესაბამისად, ამ ქოლგის ქვეშ ვიყავით შეკრებილი და „გირჩს“ არ უთქვამს მანდატებზე უარი“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
რაც შეეხება „გირჩის“ გარიცხვის საკითხს, სერგო ჩიხლაძემ უპასუხა, რომ ოპოზიცია არ არის ფორმალური ორგანიზაცია, საიდანაც შეიძლება, ვინმე გაირიცხოს.
„როგორ შეიძლება, ვინმე საიდანმე გავრიცხოთ, ეს ხომ არ არის რაღაც ფორმალური ორგანიზაცია, ამიტომ ეს საკითხი არ განიხილება და ეს ცრუ ინფორმაციაა. ჩვენ ვაგრძელებთ, „გირჩს“ თუ უნდა ჩვენთან ერთად ბრძოლა ამ ფორმატში, ისიც გააგრძელებს, თუ არ უნდა, თვითონ გაემიჯნება ამ პროცესს, ჩვენ არავის არ ვრიყავთ, არავის არ ვმიჯნავთ. ისევე, როგორც ბატონ ელისაშვილზე ვამბობდით, თუ მას თავის გზა აქვს, აირჩიოს თავისი გზა, ოღონდ თავი დაანებოს დანარჩენი ოპოზიციის მიმართ ტალახის სროლას, იმავეს მოვუწოდებთ „გირჩს“, – განაცხადა ჩიხლაძემ.