სერგო ჩიხლაძე - დანიელსონის დოკუმენტი დასახვეწია, რა სახით გაგრძელდება მოლაპარაკებები, უახლოეს კვირებში დავინახავთ
სერგო ჩიხლაძე - დანიელსონის დოკუმენტი დასახვეწია, რა სახით გაგრძელდება მოლაპარაკებები, უახლოეს კვირებში დავინახავთ

მოლაპარაკების იმედი კიდევ დაგვრჩა, რადგან ჩვენი ევროპელი პარტნიორები აქტიურობენ და არა იმიტომ, რომ ხელისუფლებას უნდა. მათ ფაქტობრივად, ჩაშალეს და განაცხადეს, რომ აღარ სურთ მოლაპარაკება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, დანიელსონის დოკუმენტი დასახვეწია.

„ერთადერთი ამ მოლაპარაკებების გაგრძელებისა და გარკვეული პოზიტიური მოლოდინის საფუძველს გვაძლევს ევროკავშირის აქტიური პოზიცია. თუ ევროკავშირი აქტიური იქნება, შეიძლება თავისი წნეხითა და გავლენით დაიყოლიონ „ქართული ოცნება“, სხვა იმედი და გაგრძელება ამას ვერ ექნება. რაც შეეხება მანდატების გაუქმებას, ამაზე იყო საუბარი რამდენიმე დღის წინ  გამართულ ოპოზიციის შეხვედრაზე, უბრალოდ გადაწყვეტილება არ მიგვიღია, რადგან ერთხელ უკვე შეტანილია და როგორც იურისტებმა განგვიმარტეს, ერთხელ გაუქმება საკმარისია, მით უმეტეს სამი საკონსტიტუციო სარჩელი ამ თემაზე უკვე შეტანილია,- ზურა გირჩი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და თამარ კორძაიასი.

დანიელსონის გეგმა, რომელიც დარჩა, როგორც ჩანს, მიუღებელია ორივე მხარისთვის, თუმცა რაც არის ნათქვამი, იმასაც არ ეთანხმება „ქართული ოცნება“. აქედან გამომდინარე, დოკუმენტი დასახვეწია, კიდევ არის სამუშაო. რა სახით გაგრძელდება მოლაპარაკებები, იქნება ეს დანიელსონის ფორმატი თუ სხვა ფორმატი, რომელსაც ევროკავშირი შემოგვთავაზებს, ამას უახლოეს კვირებში დავინახავთ, თუ ისევ და ისევ „ქართული ოცნება“ არ ჩაშლის ამ პროცესს და კარს არ ჩაუკეტავს ევროკავშირს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.