სერგო ჩიხლაძე - ჩვენთვის და სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის ნომერ პირველი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი პარტიული ხმა წამოვიღოთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43 პროცენტი არ აიღოს
სერგო ჩიხლაძე - ჩვენთვის და სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის ნომერ პირველი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი პარტიული ხმა წამოვიღოთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43 პროცენტი არ აიღოს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ნომერ პირველი ამოცანაა, ოპოზიციამ არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი პარტიული ხმა მოაგროვოს, რათა „ქართულმა ოცნებამ“ 43 პროცენტის აღება ვერ შეძლოს.

„ჩვენ ყველა ოპოზიციურ კანდიდატს ვუსურვებთ წარმატებას. მთელი ოპოზიციური სპექტრის ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ხმის წამოღება როგორც პარტიულ ნაწილში, ასევე მაჟორიტარების და მერების ნაწილში, მაგრამ ჩვენთვის და სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის ნომერ პირველი ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება მეტი პარტიული ხმა წამოვიღოთ. ყველა ჩვენი ქმედება მიმართული იქნება აქეთკენ – რაც შეიძლება მეტი პარტიული ხმა ოპოზიციურ ყულაბაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ აიღოს 43 პროცენტი“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

რაც შეეხება იმას, ეყოლება თუ არა „სტრატეგია აღმაშენებელს“ ფოთში საკუთარი კანდიდატი, სერგო ჩიხლაძის თქმით, ამის შესახებ 30 აგვისტოს ისაუბრებენ.

„მანამდე ვერ დაგიდასტურებთ ამას. საუბარია, რომ ყველა ქალაქში იყოს ჩვენი კანდიდატები, მესამე ძალის, თუმცა დეტალებს ამჟამად არ გავაჟღერებთ. 30 აგვისტოდან გაიხსნება კამპანია“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ფოთის მერობის კანდიდატად გიგი უგულავას წარადგენენ. მანამდე საუბარი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ, მოქმედ დეპუტატ თინა ბოკუჩავზე.

„ჩანაცვლება არ მომხდარა, უბრალოდ გადაწყვეტილების პროცესში ვიყავით და საბოლოოდ გადაწყდა გიგი უგულავა. არჩევანი იყო ძალიან ბევრი, თუმცა ბოლოს გადაწყდა უგულავა“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ.

დატოვე კომენტარი