სერგო ჩიხლაძე - ჩვენი პარტნიორების წნეხმა შედეგი გამოიღო, „ქართული ოცნება“ უკვე დეკლარირებულად აცხადებს, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად არის
სერგო ჩიხლაძე - ჩვენი პარტნიორების წნეხმა შედეგი გამოიღო, „ქართული ოცნება“ უკვე დეკლარირებულად აცხადებს, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად არის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების გამართვასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადება პოზიტიური სიგნალია.

მისი თქმით, მიესალმება თუ მოლაპარაკება რეალურად დაიწყება.

„პირდაპირ გეტყვით, ეს ძალიან პოზიტიური სიგნალია, რადგან ოთხი თვე გადის და აქამდე ხელისუფლების წარმომადგენელს, პირველ პირებს არ უთქვამთ, მზად ვართ, დღესვე მოლაპარაკებებზე დავსხდეთო. იყო ჩვენი დასავლელი პრტნიორების მოწოდებები, წნეხი, ბატონ შარლ მიშელის ვიზიტი, მანამდე ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა. ჩვენი პრტნიორების წნეხმა, შეგონებებმა, მოწოდებებმა, ვიზიტებმა გამოიღო თავისი შედეგი და ყოველ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ უკვე დეკლარირების დონეზე აცხადებს, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

გაიჟღერა, რომ დღესვე დავსხდეთ მოსალაპარაკებლადო. ჩვენ არასდროს გვითქვამს მოლაპარაკებებზე უარი და მივესალმები, თუ მოლაპარაკებები რეალურად დაიწყება და ნაბიჯ-ნაბიჯ გავივლით ყველა ამ საჭირბოროტო საკითხს, რამაც ქვეყანაში კრიზისი შექმნა. ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ და თუ ნამდვილად იგივე მოდის ხელისუფლებისგან, შეგვიძლია, ნებისმიერ მომენტში დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღეს საღამოს ყველა მხარეს იწვევს შეხვედრაზე, რადგან ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადასვლის და პოლიტიკური დიალოგის დროა.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხდა, რომ მზად არის, დღეს ოპოზიციასთან შეხვედრა გამართოს. ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვედრის ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა.