სერგი კაპანაძე - ზუგდიდის მე-6 სკოლის საქმეზე გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს
სერგი კაპანაძე - ზუგდიდის მე-6 სკოლის საქმეზე გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას საქმეზე გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს.

როგორც ჟურნალისტებს კაპანაძემ განუცხადა, დიდი ხანია, საპარლამენტო უმცირესობა გამოძიების დაწყებას ელოდება.

„როგორც ჩანს, განათლების მინისტრის პარლამენტში სამარცხვინო გამოსვლების შემდეგ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ გამოძიება დაიწყოს. გამოძიების დაწყება პანაცეა არ არის. გამოძიება უნდა დაიწყოს და ბოლომდე უნდა მივიდეს, რადგან ბოლომდე მიუყვანელი ბევრი გამოძიება გვინახავს, რომელიც მინისტრებს პირად კონტროლზე ჰქონდა აყვანილი. მნიშვნელოვანია, ეს თემა ბოლომდე მივიდეს და ვინც კერზაიას გარდაცვალებაში წვლილი შეიტანა, დაისაჯონ“, – განაცხადა კაპანაძემ.

ზუგდიდის მე-6 სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება 11 თებერვალს დაიწყო.

ინსპექტირება მოქალაქის წერილის საფუძველზე გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. დეკემბერში კი, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა სკოლის დირექტორი ია კერზაია. ოპოზიცია გარდაცვალებას ინსპექტირებასა და ია კერზაიაზე პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს. მომხდარზე გამოძიების დაწყებას ითხოვდა ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელიაც.