სერგი კაპანაძე - ხელისუფლებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა თუ სურს, გაერთიანებული ოპოზიციის საკანონმდებლო ცვლილება არის გამოსავალი
სერგი კაპანაძე - ხელისუფლებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა თუ სურს, გაერთიანებული ოპოზიციის საკანონმდებლო ცვლილება არის გამოსავალი

ახლა ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზეა და თუ ხელისუფლებას ძალიან მწვავე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა სურს, ეს არის გამოსავალი – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სერგი კაპანაძემ განუცხადა, რომელმაც დღეს, პარლამენტში, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მომზადებული ცვლილებები დაარეგისტრირა.

კაპანაძის განმარტებით, გათვალისწინებულია გერმანული პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ ყველა პარტია ისე იქნება პარლამენტში წარმოდგენილი, რა პროპორციის ხმებსაც მიიღებს მოსახლეობისგან.

„ცვლილებები ასევე გულისხმობს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებსაც. კანონპროექტის ინიციატორები არიან „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო, ხოლო მისი ავტორია 30 პოლიტიკური ძალა და მათი წარმომადგენლობა. სრული კონსენსუსია ოპოზიციურ ფლანგზე“, – აღნიშნა კაპანაძემ.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით, პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებები დაარეგისტრირა. კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში, მომავალ კვირას მოხდება. კანონპროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, შერეული საარჩევნო სისტემის (პროპორციული და მაჟორიტარული) ფარგლებში, იცვლება მანდატების განაწილების წესი.