სერგი კაპანაძე - თეა წულუკიანი თანამდებობას არა სამართლის დასაცავად, არამედ პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასასხმელად იყენებს
სერგი კაპანაძე - თეა წულუკიანი თანამდებობას არა სამართლის დასაცავად, არამედ პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასასხმელად იყენებს

„ევროპული საქართველო“ იუსტიციის მინისტრის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც თეა წულუკიანი პარტიას საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფორმატში ევროკონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის თქმით, თეა წულუკიანი თანამდებობას არა სამართლის დასაცავად, არამედ პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასასხმელად იყენებს.

სერგი კაპანაძის განცხადებით, კომისიამ მუშაობის პროცესში გამოავლინა, რომ მირზა სუბელიანის ახლობლებს ხელს აფარებდნენ საგამოძიებო უწყებები და მათ შორის ყოფილი მთავარი პროკურორი.

როგორც კაპანაძე ამბობს, იუსტიციის მინისტრი ირაკლი შოთაძეს ბოლო დღემდე იცავდა, ამიტომაც, სერგი კაპანაძის თქმით, კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია იუსტიციის მინისტრისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის სკითხი იყო.

„იუსტიციის მინისტრი ნაცვლად იმისა, რომ გულშემატკივრობდეს სამართლის დაცვას, დამნაშავეთა დასჯას, გულშემატკივრობდეს დაზარალებულებსა და მოკლულთა ოჯახებს, ნაცვლად ამისა ის თანამდებობას პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასასხმელად იყენებს და ამბობს, რომ „ევროპული საქართველო“ უდანაშაულო ადამიანების დასჯას ითხოვს, თანაც ევროკონვენციის დარღვევით.

საგამოძიებო კომისიამ მუშაობის პროცესში დააგინა, რომ საგამოძიებო უწყებები მირზა სუბელიანის ახლობლებს მფარველობდნენ. მათ შორის იყო შოთაძეც, რომელიც წულუკიანის დანიშნული იყო და იუსტიციის მინისტრი მას ბოლო დღემდე კბილებით იცავდა. გავეცით რეკომენდაცია, რომ უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელიც დანაშაულია დაფარვაში მონაწილეობდა, მათ შორის ყოფილი მთავარი პროკურორიც. ჩვენ ასევე გავეცით რეკომენდაცია წულუკიანის მისამართით, რომ აუცილებელია დადგეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხორავას ქუჩის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დასკვნას არასერიოზულ დოკუმენტს უწოდებს და ფიქრობს, რომ უმცირესობამ კრახი განიცადა და თავი გაიპამპულავა.

როგორც წულუკიანი აცხადებს, კომისიის საქმიანობა და „ევროპული საქართველოს“ მიერ წარმოებული კამპანია პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლს, რომელიც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა. კომისიამ „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა დაამტკიცა, რომლის გათვალისწინებითაც, უმცირესობა ხორავას ქუჩის საქმეზე იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს სვამს.

აღნიშნულ დასკვნას კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე პლენარულ სხდომაზე წარადგენს, რომლის თაობაზეც უმრავლესობა დადგენილების პროექტის მომზადებას გეგმავს.