თეა წულუკიანი - „ევროპულმა საქართველომ“ თავი გაიპამპულა, მკვლელის გვარი სად არის, რატომ ვერ დაადგინეს და მთელი ეს გამოძიება რისთვის ჩაატარეს
თეა წულუკიანი - „ევროპულმა საქართველომ“ თავი გაიპამპულა, მკვლელის გვარი სად არის, რატომ ვერ დაადგინეს და მთელი ეს გამოძიება რისთვის ჩაატარეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხორავას ქუჩის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დასკვნას არასერიოზულ დოკუმენტს უწოდებს და ფიქრობს, რომ უმცირესობამ კრახი განიცადა და თავი გაიპამპულავა.

ჟურნალისტებთან საუბარში თეა წულუკიანი დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის დასრულებას გამოეხმაურა და „ევროპულ საქართველოს“ მიმართა, დაასახელოს, ვინ არის მკვლელი თუ მკვლელები, რომლის გამოვლინებასაც ისინი საზოგადოებას ჰპირდებოდნენ.

„ევროპულმა საქართველომ“ თავი გაიპამპულა. დასკვნა იმ მოლოდინს არ პასუხობს, რაც მათ საზოგადოებაში შექმნეს. მათ მივმართავ და ვეკითხები, ამდენი საგამოძიებო „მოქმედებები“ რომ ჩაგიტარებიათ, როგორც ამას საზოგადოებას ჰპირდებოდით, მკვლელის გვარი დაასახელეთ. სად არის მკვლელის გვარი, რომლის დასახელებასაც „ევროპული საქართველოს“ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფი საზოგადოებას ჰპირდებოდით? როცა სხდომაზე მოვედი, კითხვები რატომ ვერ დასვით მაშინ, როდესაც სრულიად საზოგადოება მიზანმიმართულად შეცდომაში შეგყავდათ, თითქოს, წულუკიანის ბრალია ის, რომ მათივე გადასახედიდან გამოძიება სწორად ვერ მიდიოდა. ამ კითხვებზე პასუხი მჭირდება. მკვლელის გვარი სად არის, რატომ ვერ დაადგინეს და მთელი ეს გამოძიება რისთვის ჩაატარეს“, – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრი „ნაციონალური მოძრაობის“ იმ გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, რომლითაც, მათ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის დროს, კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარი განაცხადეს.

„ნაციონალურ მოძრაობად“ დარჩენილი „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო ჭკვიანია, ვიდრე „ევროპულ საქართველოდ“ ქცეული „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც ჩანს, პოლიტიკურად უფრო გამოცდილი ხალხია და იცოდნენ, რომ ამგვარ ფორმატში, ასეთი სერიოზული ან ნებისმიერი სხვა სისხლის სამართლის გამოძიება არ ხდება. ვინაიდან, კომისიამ სამუშაო დაასრულა, შემიძლია, შეფასება გავაკეთო, რომ კომისიის საქმიანობა და „ევროპული საქართველოს“ მიერ წარმოებული კამპანია პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლს, რომელიც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. გამოძიების პროცესში „ევროპული საქართველოს“ საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციას არღვევდა, რომელსაც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გარანტად დგას ძირითადი კანონი და ევროპულ კონვენციას, რომელიც მისი მეექვსე მუხლია. ეს „ევროპული საქართველოს“ მიერ საკუთარი თავის პამპულად გამოცხადება, ერთი დიდი კრახი და არასერიოზული დოკუმენტია. ამიტომ, მათ კიდევ ერთხელ მოვთხოვ, დაასახელონ, ვინ არის ის მკვლელი თუ მკვლელები, რომლის გამოვლინებასაც საზოგადოებას ჰპირდებოდნენ“, – აღნიშნავს იუსტიციის მინისტრი.

თეა წულუკიანი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც პასუხობს.

„დაასახელონ, სად არის და აღმოაჩინეს თუ არა ცივი იარაღები, რომლის აღმოჩენასაც საზოგადოებას ჰპირდებოდნენ და მათმა ყოფილმა თუ ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, სააკაშვილმა განგვიმარტოს, პატარა ბავშვი დამნაშავედ რომ შერაცხა, არის თუ არა ეს ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა თანამედროვეობაში, რომ მათ არასდროს არც გამოძიება აინტერესებდათ, არც მოწმე, არც დაცვის უფლებები, არც სასამართლო და წარსულში ლინჩის წესით გასამართლების ავტორები იყვნენ და ამ საგამოძიებო კომისიაში კიდევ ერთხელ გვაჩვენეს, როგორ შეიძლება, სერიოზული სახეებით ისხდნენ და პოლიტიკურად ანგაჟირებულად მიჰყავდეთ პროცესი, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ეს ერთი დიდი კრახია და მათ ამ კრახს ვუსამძიმრებ“, – აცხადებს წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრმა დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისი დასწრებაც გაიხსენა.

„კომისიის რამდენიმე წევრის კომენტარი მოვისმინე, რომლებიც იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და ტელევიზიებში ბევრს მჭევრმეტყველებდნენ, თუმცა როცა კომისიის სხდომაზე მივედი, „ნაციონალური მოძრაობისგან“ ახლა უკვე „ევროპული საქართველო“ რომ ჰქვიათ, ასეთი მჭევრმეტყველება ვერ ვნახე. მათ ჩემთან მიმართებაში კითხვებიც კი არ ჰქონდათ და გადაწყვიტეს, რომ ჩემთან მიმართებაში კითხვების დასმა არ ღირდა, რადგან სხდომა ღიად გადაიცემოდა და რეალურად კითხვა-პასუხის რეჟიმში თავს გაიპამპულა“, – დასძინა წულუკიანმა.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა მიმდინარე კვირაში დაასრულა. კომისიამ „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა დაამტკიცა, რომლის გათვალისწინებითაც, უმცირესობა ხორავას ქუჩის საქმეზე იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს სვამს.

აღნიშნულ დასკვნას კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე პლენარულ სხდომაზე წარადგენს, რომლის თაობაზეც უმრავლესობა დადგენილების პროექტის მომზადებას გეგმავს.

დატოვე კომენტარი