სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მხრიდან ხორავას საქმეზე დადგენილების პროექტის ინიცირების შემთხვევაში, მზად ვართ, ვიმუშაოთ
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მხრიდან ხორავას საქმეზე დადგენილების პროექტის ინიცირების შემთხვევაში, მზად ვართ, ვიმუშაოთ

დეპუტატ სერგი კაპანაძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის „ევროპული საქართველოს” წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციებს კომისიის მიერ დამტკიცებული დასკვნა გააცნეს.

როგორც კაპანაძე აღნიშნავს, არასამთავრობოებმა პოზიტიურად შეაფასეს დასკვნა და იზიარებენ იმ მიგნებებსა და რეკომენდაციებს, რაც კომისიამ მუშაობის პროცესში გამოავლინა.

„შევხვდით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც გავაცანით დასკვნა, გავაცანით ჩვენი რეკომენდაციები. ვესაუბრეთ კომისიის მუშაობის პრინციპზე. მინდა გითხრათ, რომ პოზიტიურად არის აღქმული ეს დასკვნა, ყველა იზიარებს იმ მთავარ მიგნებებს, რეკომენდაციებს და მოსაზრებებს, რომელიც არის აღმოჩენილი კომისიის მხრიდან.

აქედან გამომდინარე, პოზიტიური შეხვედრა იყო და მომავალშიც გავაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას, როგორ მოხდება ჩვენი რეკომენდაციების შესრულება“,- განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, მათი მთავარი ამოცანაა, ხელისუფლება აიძულონ შეასრულოს კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები.

ამასთან, როგორც კაპანაძე აცხადებს, თუკი ხორავას საქმეზე უმრავლესობის დადგენილების პროექტი იქნება და „ქართული ოცნება“ მის ინიცირებას მოახდენს, ისინი მზად არიან დადგენილებაზე იმუშაონ.

„ჩვენი ამოცანაა, ხელისუფლება ვაიძულოთ შეასრულოს რეკომენდაციები. მიზანი არის, რომ ორი მიმართულებით იყოს პროგრესი. ერთი, რომ პიროვნება, ვის მიმართაც გავეცით რეკომენდაცია, ბრალი ყოფილიყო წარდგენილი, იყოს ნაბიჯები გადადგმული და მეორეს მხრივ, დაისაჯოს ის ხალხი, ვინც იყო პასუხისმგებელი ამ გამოძიების ჩავარდნაზე.

ამ ორი მიმართულებით არის პრიორიტეტი, რომ შევასრულებინოთ რეკომენდაციები ამ ხელისუფლებას.

დასკვნა უკვე მიღებულია, ის აღარ შეიცვლება. მომდევნო ლეგიტიმაცია მას აღარ სჭირდება პარლამენტის მხრიდან. რაც შეეხება პარლამენტის დადგენილებას, ეს დადგენილება ან იქნება, ან არა. თუმცა თუ ეს დადგენილება იქნება და „ქართული ოცნება“ მოახდენს მის ინიცირებას, მზად ვართ, ვიმუშაოთ ამ დადგენილებაზე. იმის მიუხედავად, იქნება თუ არა დადგენილება, მას მას კავშირი არ აქვს ამ დასკვნის შინაარსთან“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ევროპული საქართველოს“ დასკვნას ცხრა ხმით, ოთხის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ წარდგენილ დასკვნას კი, ოთხმა წევრმა მისცა ხმა და ცხრა წინააღმდეგი იყო.

ხორავას ქუჩის საქმეზე საპარლამენტო უმრავლესობა დადგენილების პროექტს მოამზადებს.