სერგი კაპანაძე -პრემიერი და მინისტრები ჯანსაღ პოლიტიკურ დისკუსიას მიუჩვეველი არიან
სერგი კაპანაძე -პრემიერი და მინისტრები ჯანსაღ პოლიტიკურ დისკუსიას მიუჩვეველი არიან

ბოლო წლის განმავლობაში პრემიერი და მინისტრები პარლამენტში არ მოსულან და როგორც ჩანს, ის, რაც გუშინ მოხდა, ამის ბრალიცაა, რადგან ისინი ნორმალურ, ჯანსაღ პოლიტიკურ დისკუსიას მიუჩვეველი არიან, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“

„რა თქმა უნდა, მთავრობას მხარს არ ვუჭერთ. პრობლემაა ის, თუ როგორ ვერ ეგუება ხელისუფლება კრიტიკას, საღი აზრის ფარგლებში არსებულ კრიტიკულ დამოკიდებულებას, როგორ აგრესიულად იღებენ და რაც მთავარია, ნორმალურ პოლიტიკურ დისკუსიაში შემოსვლაზე უარს როგორ ამბობენ“, – განაცხადა კაპანაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ის, რაც გუშინ პარლამენტში მოხდა, იყო თუ არა ჯანსაღი დისკუსია, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციამ როგორი კრიტიკული კითხვაც არ უნდა დასვას, თუ ის შეურაცხყოფას არ მოიცავს, პრემიერ-მინისტრმა კეთილი უნდა ინებოს, კითხვას პასუხი ნორმალურად გასცეს და არა ისეთი სიტყვებით, როგორც მან გააკეთა.

20 დეკემბერს ახალი მთავრობის წევრებსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილსა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა.