სერგი კაპანაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ პოზიციის შესაცვლელად ორი დღე აქვს
სერგი კაპანაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ პოზიციის შესაცვლელად ორი დღე აქვს

„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მოხდეს შეთანხმება რეგიონებთან დაკავშირებით, სადაც კოორდინირებულ კანდიდატს აქვს შანსი, რომ „ქართული ოცნება“ დაამარცხოს.

კაპანაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ გადაწყვეტილებას არ შეცვლის და რეგიონებში საერთო კანდიდატების წარდგენას არ დათანხმდება, მაშინ „ევროპულ საქართველოს“ საკუთარი კანდიდატების დასახელება რეგიონებშიც მოუწევს.

სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ვერ ხედავს ლოგიკას „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმულაში – „დედაქალაქში კოორდინაცია, რეგიონებში კონკურენცია“.

„სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხი არის უარი. თუ უარზე დარჩებიან, მაშინ იქაც მოგვიწევს ჩვენი კანდიდატების დააახელება. მათ ფორმულაში – „დედაქალაქში კოორდინაცია, რეგიონებში კონკურენცია“ ლოგიკას ვერ ვხედავ, რადგან შეთანხმებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფლობს შანს, პირველ ტურში გაიმარჯვოს და რაც მეტ ოლქში იქნება ოპოზიცია გამარჯვებული, მით უკეთესი იქნება საერთო საქმისთვის.

ის ლოგიკა, რომ ვინმეს პროპორციული ხმები დააკლდება, კიდევ უფრო გაუგებარია, რადგან რასაც ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთავაზობთ, არის ის, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მათ ჰყავდეთ უფრო მეტ ოლქში და ჩვენ არ გვყავდეს. თუ ის ლოგიკა მოქმედებს, რომ სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, უფრო მეტი პროპორციული ხმა მას მიაქვს, გამოდის, რომ ისინი უფრო მეტ ხმას შეიძენენ, ვიდრე ჩვენ. ის ლოგიკა უფრო მნიშვნელოვანია, რომ პირველ ტურში გავიმარჯვოთ, ვიდრე ის, თუ რამდენი ათასი ხმით ნაკლებს მიიღებს კონკრეტული ოპოზიციური პარტია რომელიმე საარჩევნო ოლქში.

რამდენიმე შეთავაზება იყო – ერთი, სადაც ყველა იღებდა მონაწილეობას და იყო კონკრეტული შეთავაზება, თუ ყველა არ იღებდა მონაწილეობას, მაშინ ნაწილდებოდა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის. იყო შეთავაზება 8/4-ზე. რვა დიდი ქალაქი „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოთხი ოლქი – ერთი სამეგრელო, ორი იმერეთში, ერთი ზემო აჭარაში „ევროპულ საქართველოს“. პოლიტიკურ ვაჭრობას არ აქვს ადგილი, პირიქით, სწორედ ჩვენი პარტიული ინტერესის დათმობის ხარჯზე ვთავაზობდით შეთანხმებას, რომ გამარჯვების შანსი გაზრდილიყო. მათი არგუმენტები რაც მოვისმინეთ, სამწუხაროდ, ლოგიკას მოკლებულია, რადგან მათი არგუმენტები ეყრდნობა იმ პოსტულატს, რომ მეორე ტურში დავჯაბნოთ ერთად „ქართული ოცნება“.

კიბატონო, მეორე ტურში თანამშრომლობა იქნება, მაგრამ უბრალოდ, რატომ უნდა მივცეთ „ქართულ ოცნებას“ შანსი, არჩევნები კიდევ გადააგოროს და მარცხი არ გაფორმდეს პირველ ტურში, ეს სრულიად გაუგებარია. თუ მათი ამოცანაა, რომ უბრალოდ, პარტიული ხმები გაიზარდოს და მეტი დეპუტატი ჰყავდეთ პარლამენტში, ოღონდ, ამის სანაცვლოდ გარისკონ წაგება, მგონია, რომ ეს არის მცდარი დამოკიდებულება.

ახლა ის არჩევნებია, როცა გამარჯვების იდეის გარშემო უნდა იყოს გაერთიანებული და ისეთი ტაქტიკა უნდა აირჩიოს, რომელიც გამარჯვებას შეუწყობს ხელს და არა ისეთი ტაქტიკა, რომელიც დამარცხებულის პოზიციიდან გამოვა, რომლის ამოცანაა, რაღაც რაოდენობის დეპუტატი ჰყავდეს. ეს არასწორი ლოგიკაა. „ნაციონალურ მოძრაობას“ პოზიციის შეცვლისთვის ორი დღე აქვს, რადგან აგვისტო რომ დაიწყება, შეუძლებელია, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ იყოს დასახელებული. თუ მათი პასუხი უარი იქნება, ჩვენ აგვისტოში კანდიდატებს დავასახელებთ და საარჩევნო კამპანიას დავიწყებთ, რადგან დრო აღარ არის“, – განუცხადა სერგი კაპანაძემ საქართველოს პირველ არხს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ დღეს არ გამორიცხა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის საკუთარი კანდიდატი საბურთალოს ოლქშიც დააყენოს. ბოკუჩავას თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვსი დათმო და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მხოლოდ ორ ოლქში წარადგინა.

მისივე განმარტებით, სამწუხაროა, თუ დანარჩენი ოპოზიცია ვერ შეძლებს, ერთობა შეინარჩუნოს. რაც შეეხება რეგიონებს, ბოკუჩავას განცხადებით, თბილისში კოორდინაცია, ხოლო რეგიონებში კონკურენცია იქნება ის მოდელი, რომელიც ოპოზიციას მაქსიმალურ ხმებს მოუტანს.