თინა ბოკუჩავა არ გამორიცხავს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის საკუთარი კანდიდატი საბურთალოს ოლქშიც დააყენოს
თინა ბოკუჩავა არ გამორიცხავს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის საკუთარი კანდიდატი საბურთალოს ოლქშიც დააყენოს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში, ოპოზიციის ერთიანი ფრონტის შენარჩუნების ინიციატორი იყო, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი „უფრო ჭრელი გემოვნების არის თბილისში, ვიდრე რეგიონებში“.

ბოკუჩავას განმარტებით, სწორედ ამიტომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვსი დათმო და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მხოლოდ ორ ოლქში წარადგინა.

ბოკუჩავას თქმით, სამწუხაროა, თუ დანარჩენი ოპოზიცია ვერ შეძლებს, ერთობა შეინარჩუნოს.

„ჩვენი ნაბიჯი ბევრმა დიდსულოვნად შეაფასა, რვიდან ექვსი ოლქი დავთმეთ და კანდიდატები მხოლოდ ორ მაჟორიტარულ ოლქში წარვადგინეთ. ძალიან სამწუხაროა, თუ დანარჩენი ოპოზიცია ვერ შეძლებს, კოორდინაციიდან და კონსენსუსიდან ამოვიდეს, ერთობა შეინარჩუნოს და დარჩენილი ექვსი ოლქი გადაინაწილონ. ამის იმედს მაინც ვიტოვებთ“, – განუცხადა თინა ბოკუჩავამ საქართველოს პირველ არხს.

რაც შეეხება რეგიონებს, ბოკუჩავას განცხადებით, თბილისში კოორდინაცია, ხოლო რეგიონებში კონკურენცია იქნება ის მოდელი, რომელიც ოპოზიციას მაქსიმალურ ხმებს მოუტანს.

ამასთან, თინა ბოკუჩავამ არ გამორიცხა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის საკუთარი კანდიდატი საბურთალოს ოლქშიც დააყენოს.

„ჩვენი მთავარი მიზანია, არა კონკრეტულ სამაჟორიტარო ოლქებზე ბრძოლა, არამედ ოპოზიციური ხმების მაქსიმალური მობილიზება, რათა ყველამ ერთად დავასრულოთ ბიძინა ივანიშვილის მმართველობა. იმის გამო, რომ ყველა ოპოზიციური პარტია საბურთალოს ოლქში საკუთარ კანდიდატურას აყენებს, თუ იძულებული გავხდებით, შეიძლება, ჩვენი კანდიდატების დასახელებაც განვიხილოთ.

იმედს ვიტოვებ, დანარჩენ ექვს ოლქზე მოხდება შეთანხმება სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის, რათა ერთობის სულისკვეთება, რომელსაც დასაბამი დაუდო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში, შენარჩუნდეს. ვერ გეტყვით, რა არის შეუთანხმებლობის მიზეზი თბილისის ორ ოლქში. არ მინდა, სხვა პარტიების შიდა სამზარეულოში ჩავიხედო ან მათ ნაცვლად ვისაუბრო. იმედია, ისინი ორ ოლქზე შეჯერდებიან და ერთობას შევინარჩუნებთ.

მთავარი უხერხულობის მომენტი არის ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველთან, რომელიც ჩვენგან ელის საარჩევნო კამპანიის დაწყებას, იმის გაგებას, თუ როგორ ვისტუმრებთ ხელისუფლებიდან ბიძინა ივანიშვილს და რას გავაკეთებთ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან. ეს არის ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დაკვეთა და არა კინკლაობა, რასაც, სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში ამომრჩეველი ხედავს. სწორი იქნება, რაც შეიძლება მალე დაიხუროს მოლაპარაკებები, თბილისში ერთიანი სულისკვეთება შევინარჩუნოთ და დავიწყოთ საარჩევნო კამპანია. პოლიტიკურმა პარტიებმა ჩვენი განსხვავება გვერდით უნდა გადავდოთ და ერთად ვიზეიმოთ 31 ოქტომბერს გამარჯვება, რაც დიდწილად განპირობებული იქნება პროპორციულ ნაწილში ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმების მობილიზებით. ამისთვის ჩვენ მიერ შენარჩუნებული ფორმულა საუკეთესოა“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

დატოვე კომენტარი