სერგი კაპანაძე - მირზა სუბელიანმა რეალურად ცრუ ჩვენება მოგვცა, თქვა, რომ არ შეხვედრია მიხეილ შაყულაშვილს, რომელმაც დღეს შეხვედრის დეტალები მოყვა
სერგი კაპანაძე - მირზა სუბელიანმა რეალურად ცრუ ჩვენება მოგვცა, თქვა, რომ არ შეხვედრია მიხეილ შაყულაშვილს, რომელმაც დღეს შეხვედრის დეტალები მოყვა

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს პროკურატურის წარმომადგენლები გამოკითხეს.

კომისიის წევრების შეკითხვებს თბილისის ყოფილი პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი და მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, გამოძიების საპროცესო ხელმძღავნელობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი გაბოძე პასუხობდნენ.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა, სამწუხარო ტრადიციად ჩამოყალიბდა, როდესაც შსს-სა და პროკურატურის წარმომადგენლებს კითხავენ, კომისიის წევრებს მეტი კითხვა რჩებათ, ვიდრე პასუხებს იღებენ.

ამასთან, როგორც სერგი კაპანაძე აცხადებს, მირზა სუბელიანმა გუშინ, გამოკითხვაზე კომისიის წევრებს უთხრა, რომ მიხეილ შაყულაშვილს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის შემდეგ არ შეხვედრია.

კაპანაძე ამბობს, რომ სუბელიანმა მათ ცრუ ჩვენება მისცა, რადგან დღეს შაყულაშვილმა სუბელიანთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

„კომისიამ თბილისის პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვა დაასრულა, რომლებიც მაშინ თბილისის პროკურატურას ხელმძღვანელობდნენ. მგონი, რაღაც სამწუხარო ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ყოველი შეხვედრის შემდეგ შსს-სა თუ პროკურატურის წარმომადგენლებთან უფრო მეტი კითხვა გვრჩება, ვიდრე პასუხებს ვიღებთ.

დღესაც სრულიად იგივე შთაბეჭდილება მაქვს. ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. უფრო მეტიც, კითხვები დამატებით გაგვიჩნდა. მაგალითად საკითხი ისევ და ისევ გარკვეული არ არის, ვერსია, რომელიც პროკურატურას აქვს და იცავდა, საიდან მოდის და რას ეყრდნობოდა. ამ შემთხვევაში მე მ.კ-სთან მიმართებაში დამოკიდებულებას და გ.ბ-თან მიმართებაში არსებულ მტკიცებულებებს ვგულისხმობ. პასუხები ამასთან დაკავშირებით სამწუხაროდ ვერ მივიღეთ.

დღეს ერთი საინტერესო დეტალი გაირკვა. გუშინ მირზა სუბელიანმა ჩვენთან არასწორი ინფორმაცია გააჟღერა. რეალურად ცრუ ჩვენება მოგვცა იმასთან დაკავშირებით, რომ ის მიხეილ შაყულაშვილს არ შეხვედრია, რომელმაც დღეს შეხვედრის დეტალები მოყვა. აქედან გამომდინარე, ეს დამატებით კითხვებს აღგვიძრავს. “,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისვე თქმით, თუ საგამოძიებო უწყებაში იცოდნენ, რომ მირზა სუბელიანი პირველ დეკემბერს პროკურატურის მაღალჩინოსნებთან დაკავშირებას ცდილობდა, რატომ არ დაკითხეს.

„სრულიად გაუგებარია ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო მაშინ ინფორმაციას ფლობდა, რომ მირზა სუბელიანი თურმე ხაზზე გასვლას მაღალჩინოსნებზე პირველ დეკემბერს ცდილობდა. 3-4 დეკემბერს უკვე ცნობილი იყო, რომ ის კალანდიების სახლში იმყოფებოდა. ამის მიუხედავად, რატომ არ დაკითხეს, ესეც სრულად გაუგებარია.

ასევე კითხვის ნიშნები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ექსპერტიზის კონკრეტული დასკვნა შეიძლება პროკურატურისთვის გამოსადეგი ყოფილიყო და მათ ეს დასკვნა არ მოითხოვეს. ამიტომ, მარტივად, რომ შევაჯამოთ, კიდევ უფრო მეტი კითხვა გვაქვს და ამ კითხვებს, ისევე როგორც სხვა დამატებით კითხვებს, პროკურატურის დარჩენილ მაღალჩინოსნებსაც დავუსვამთ”,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

თბილისის ყოფილი პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი აცხადებს, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის შემდეგ, პროკურატურის ყოფილმა ჩინოსანმა, მირზა სუბელიანმა მას დაურეკა და უთხრა, რომ აღნიშნულ საქმეზე სურდა დალაპარაკება. იმავე დღეს შეხვედრაზე კი, მომხდარის შესახებ მოუყვა და რჩევა ჰკითხა.

ამასთან, საპარლამენტო კომისიის წევრებმა მირზა სუბელიანი და თენგიზ კალანდია საპატიმროში გუშინ გამოკითხეს.

დატოვე კომენტარი