მიხეილ შაყულაშვილი - მე ვუთხარი მირზა სუბელიანს, მაშინვე მისულიყო პოლიციაში თავის შვილთან ერთად და სრული ჩვენება მიეცა
მიხეილ შაყულაშვილი - მე ვუთხარი მირზა სუბელიანს, მაშინვე მისულიყო პოლიციაში თავის შვილთან ერთად და სრული ჩვენება მიეცა

თბილისის ყოფილი პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი აცხადებს, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის შემდეგ, პროკურატურის ყოფილმა ჩინოსანმა, მირზა სუბელიანმა მას დაურეკა და უთხრა, რომ აღნიშნულ საქმეზე სურდა დალაპარაკება. იმავე დღეს შეხვედრაზე კი, მომხდარის შესახებ მოუყვა და რჩევა ჰკითხა.

სუბელიანთან საუბრის დეტალები შაყულაშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გაიხსენა. კითხვა – იცნობდა თუ არა მირზა სუბელიანს, შაყულაშვილს კომისიის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ დაუსვა.

შაყულაშვილის თქმით, მირზა სუბელიანის ზარი მის მობილურ ტელეფონზე დაახლოებით, 16:15 საათზე შევიდა.

„პირველ დეკემბერს, ამ ფაქტის შესახებ რომ გავიგე, დაახლოებით 16:15 საათზე ჩემს ტელეფონზე ზარი შემოვიდა, აღმოჩნდა, რომ მირზა სუბელიანი იყო. ზარი ჩვეულებრივი ნომრით არ შემოსულა, აპლიკაციით შემოვიდა  – „ვაიბერით“ თუ „ვოთსაფით“, არ მახსოვს. ვუთხარი, რომ არ მეცალა, 51-ე სკოლაზე ვიყავი გადართული და თუ შეიძლება მერე ვისაუბროთმეთქი. ამის შემდეგ ჩემგან მოულოდნელად ასეთ რამეს მეუბნება – შეხვედრა ზუსტად ამ საკითხზე მინდოდა და ძალიან გთხოვ, შემხვდი. მაშინვე ვიგრძენი, რომ რაღაც ინფორმაცია ჰქონდა და ვუთხარი, სასწრაფოდ მოსულიყო“, – განაცხადა შაყულაშვილმა.

მისი მონათხრობის მიხედვით, თბილისის პროკურატურაში, მასთან კაბინეტში მირზა სუბელიანი დაახლოებით 16:35 საათზე მივიდა.

მიხეილ შაყულაშვილის შეფასებით, მირზა სუბელიანი დაბნეული იყო.

„გაფითრებული და დაბნეულია. მაგიდასთან ვსვამ და ვეკითხები, თუ რა ხდება. მეუბნება – 51-ე საჯარო სკოლასთან ეს უბედურება რომ მოხდა, ჩემი შვილის და ჩემი შვილის მეგობრის ჩაგვრის გამო მოხდა, რის შემდეგაც ჩემმა შვილმა დეიდაშვილს გადაურეკა, რომელმაც თავის მხრივ, მეგობრები წამოიყვანა. სადღაც გვერდზე ქუჩაში გავიდნენ, სადაც ეს ჩხუბი და უბედურება მოხდა. აღნიშნული ზოგადი მონახაზი იყო“, – განაცხადა შაყულაშვიმა.

მისი თქმით, ამის შემდეგ სუბელიანმა მას რჩევა ჰკითხა.

„სუბელიანმა ასევე მითხრა: „ვარ დაბნეული და მირჩიე რა გავაკეთო“. ვუტრიალებ კითხვას და პირდაპირ ვეუბნები – მირზა, შენი შვილი უშუალოდ მკვლელობაში არის გარეული თუ არ არის და ვის ეჭირა დანა, რაზეც პასუხობს, რომ შვილი ასე არ გამიზრდია, უშუალოდ მკვლელობაში იყოს ჩარეული, ხოლო დანა ვინ გამოიყენა არ ვიციო“, – განაცხადა შაყულაშვილმა.

მისი თქმით, ანალოგიური კითხვა სუბელიანს მესამედაც დაუსვა და იგივე პასუხი მიიღო, რის შემდეგაც მიხვდა, რომ კითხვების დასმას აზრი აღარ ჰქონდა.

„ვხვდები, რომ კითხვების დასმას აზრი აღარ აქვს და ასეთ ტექსტს ვეუბნები – მირზა, ჩემი შვილის მეგობარია გარდაცვლილი. ჩათვალე, გარდაცვლილი ჩემი შვილია. ჩემი შვილი ლევან დადუნაშვილის კლასელი და საუკეთესო მეგობარი იყო. ახლავე მანქანაში ჯდები, შენს შვილს ისვამ და პოლიციაში მიდიხარ და სრულ ჩვენებას აძლევ“, – განაცხადა შაყულაშვილმა.

მისი თქმით, ამის შემდეგ მირზა სუბელიანს საერთოდ არაფერი უთქვამს, ოთახიდან გავიდა და შენობა დატოვა.

როგორც შაყულაშვილმა კომისიაზე განაცხადა, მან სუბელიანის ვიზიტის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა მთავარი პროკურორი და კურატორი მოადგილე.

„ყურმილს ვიღებ და ამის შესახებ 16:45 საათზე, ეს ზუსტი დროა, მირზა სუბელიანის ვიზიტის შესახებ საქმის კურსში ვაყენებ მთავარ პროკურორს. ჩვენი საუბრის ზოგად შინაარსს ვუყვები. ასევე ვუკავშირდები კურატორ მოადგილეს გაბიტაშვილს, მასაც ვეუბნები მირზა სუბელიანის ვიზიტის შესახებ. ასევე, ვეუბნები, რომ პოლიციაში გავგზავნე და მისთვისაც გასაგები იყო“, – განაცხადა შაყულაშვილმა.

მისი თქმით, მოცემული მომენტისთვის პოლიციას არც ვერსიები ჰქონდა დალაგებული და არც მონაწილე პირები იცოდნენ, შესაძლოა, მხოლოდ ერთი-ორის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია.

„ამის გამო ვითვალისწინებდი რა, რომ მირზა სუბელიანის შვილი უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას ფლობდა მირზას მონაყოლიდან გამომდინარე, ჩემს მეგობარს გიორგი გაბოძეს დავურეკე და ვუთხარი მირზას ვიზიტზე და გაეკონტროლებინა, რომ ამ ბავშვისგან სრულყოფილი ინფორმაცია ამოგვეღო“, – განაცხადა შაყულაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამის შემდეგ ქალაქის პოლიციის უფროსთან დაკავშირებაც სცადა, თუმცა ვერ დაუკავშირდა.

„ამის შემდეგ ქალაქის პოლიციის უფროსთან დაკავშირება ვცადე, ვერ დავუკავშირდი და მოადგილეს, ნიკა სამარღანიშვილს დავურეკე. მას ვუთხარი, რომ მირზა სუბელიანი მივიდოდა, მის შვილს სერიოზული ინფორმაცია ჰქონდა და ვუთხარი, რომ სრული ინფორმაციის ამოსაღებად, მისი დაკითხვა გაეკონტროლებინა“, – განაცხადა შაყულაშვილმა და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ მირზა სუბელიანთან კონტაქტი აღარ ჰქონია.