სერგი კაპანაძე - ხელისუფლებამ იმდენად მოახდინა დაყოფა თავისიანებად და სხვისიანებად, რომ მძევალიც კი რომელიღაც ბანაკის ნაწილად მიაჩნია
სერგი კაპანაძე - ხელისუფლებამ იმდენად მოახდინა დაყოფა თავისიანებად და სხვისიანებად, რომ მძევალიც კი რომელიღაც ბანაკის ნაწილად მიაჩნია

ხელისუფლებამ პოლიტიკური აფილაციები შემოიტანა ისეთ თემაში, სადაც პოლიტიკა საერთოდ არაფერ შუაშია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ ზუგდიდში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

კაპანაძის თქმით, ხელისუფლებას ადამიანები დაყოფილი ჰყავს თავისიანებად და სხვისიანებად და მაშინაც კი, როდესაც ადამიანი მძევალია, ცდილობს მის დისკრედიტაციას, რაც ძალიან სახიფათო და დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის.

„ძალიან ცუდი რამ მოხდა გუშინ, როდესაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა, თავისი პროპაგანდისტული მედიასაშუალებების გამოყენებით მოეხდინა ერთ-ერთი მძევლის დისკრედიტაცია და დემონიზება. ხელისუფლებამ პოლიტიკური აფილაციები შემოიტანა ისეთ თემაში, სადაც პოლიტიკა საერთოდ არაფერ შუაშია. ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლებამ იმდენად მოახდინა დაყოფა თავისიანებად და სხვისიანებად, რომ მძევალიც კი მიაჩნია რომელიღაც ბანაკის ნაწილად. ეს არის ძალიან სახიფათო, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა მომავალში ზოგადად. ეს არის პრობლემა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას, რადგან ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ ასე დაყოფილები ვიყოთ და 31 ოქტომბერს ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დასრულდეს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, ასევე არასწორი იყო ხელისუფლების დამოკიდებულება ოპოზიციურად განწყობილი მედიის მიმართ.

„რაც შეეხება მედიასთან დამოკიდებულებას, ეს იყო მეორე კატასტროფა, რაც გუშინ გამოჩნდა, როდესაც ხელისუფლება ვერ მალავს აგრესიას ოპოზიციურად განწყობილი მედიის მიმართ მაშინაც კი, როდესაც ეს მედია აკეთებს თავის საქმეს და მისი საქმე არის ყველა მოვლენის მაქსიმალურად გაშუქება. პასუხისმგებლობა არის თვითონ ხელისუფლებაზე, რომელსაც თუ მიაჩნია, რომ ოპერატიული მიზნებიდან გამომდინარე რაიმე შეზღუდვები უნდა იყოს დაწესებული, პასუხისმგებლობა მასზეა, შეზღუდვები დააწესოს და არა მედიაზე. ეს ზოგადად არის არაჯანსაღი გარემო და ის, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს 31 ოქტომბრის შემდეგ. ასეთი არაჯანსაღი პოლარიზება, როდესაც სხვისიანები და ჩემიანები, ეს ორი ბანაკი არსებობს და მეორე ბანაკში მყოფების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არის მეორეხარისხოვანი, არის აუცილებლად შესაცვლელი 31 ოქტომბერს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.