სერგი კაპანაძე გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუზე - არაფერი ჩაშლილა, ასეთი განცხადებები იწვევს გაუგებრობას, რაც ნამდვილად არ ეხმარება საერთო საქმეს
სერგი კაპანაძე გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუზე - არაფერი ჩაშლილა, ასეთი განცხადებები იწვევს გაუგებრობას, რაც ნამდვილად არ ეხმარება საერთო საქმეს

ძალიან სამწუხაროა, რომ კეთდება ისეთი განცხადებები, რომლებიც გაუგებრობებს იწვევს არამხოლოდ საზოგადოებაში, არამედ ოპოზიციურ პარტიებში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის სატელევიზიო ინტერვიუზე კომენტირებისას განაცხადა.

„დღეს გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებში პოზიცია არის შეთანხმებული და ოპოზიცია ერთად აყენებს მოთხოვნებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ კეთდება ისეთი განცხადებები, რომლებიც გარკვეულ გაუგებრობებს იწვევს არამხოლოდ საზოგადოებაში, არამედ ოპოზიციურ პარტიებში, მაგალითად, „ევროპულ საქართველოში“, რადგან ის, რაზეც გუშინ იყო საუბარი, საერთოდ არ ვიცით, ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს. ჩვენ რეგულარულად, ყოველდღიურად ვართ კონტაქტზე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. აქედან გამომდინარე შემიძლია, გითხრათ, რომ არაფერი ჩაშლილა. მე არ ვიცი, რა ჩაიშალა. ასეთი განცხადებები იწვევს გაუგებრობას და გაუგებრობა ნამდვილად არ ეხმარება საერთო საქმეს. ასეთი განცხადებები იწვევს გაუგებრობას და კითხვებს და თან ეხება ისეთ საკითხს, რომელზეც წესით ინფორმაცია უნდა გვქონდეს, მაგრამ თან არ გვაქვს, არასწორი ინფორმაციაა თუ რამე სხვაზეა საუბარი, ამას ნათელი თუ მოეფინება, კარგი იქნება“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ მისი განცხადება იმ დიალოგის ჩაშლამ განაპირობა, რომელიც დიპლომატების ჩართულობით მიმდინარეობდა. 10 ნოემბერს გრიგოლ ვაშაძემ გავრცელებულ განცხადებაში პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად. მოგვიანებით მან დამატებით განმარტა, რომ თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას და არც პარლამენტში შევლენ.