სერგი კაპანაძე - განათლების მინისტრს ჰგონია, გამოცდების გაუქმებით გააუმჯობესებს სწავლის ხარისხს, ეს კატასტროფული მიდგომაა
სერგი კაპანაძე - განათლების მინისტრს ჰგონია, გამოცდების გაუქმებით გააუმჯობესებს სწავლის ხარისხს, ეს კატასტროფული მიდგომაა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან საპარლამენტო უმცირესობას კითხვები კორუფციასა და ასევე დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან დაკავშირებით ექნება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრობლემაა, რომ რეგიონული თვითმმართველობები რეგიონებს ვერ მართავენ.

„ინფრასტრუქტურის მინისტრთან პირველი საკითხი ეს იქნება კორუფცია, რომელიც ამ სისტემაში არსებობს. ასევე გვექნება საუბარი დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე და რეგიონების უფლებამოსილებებზე, რადგან ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომ რეალურად, ადგილებზე რეგიონული თვითმმართველობები ვერ მართავენ რეგიონებს და ისინი იმართებიან ცენტრალიზებულად, მათ შორის სუს-ის გზით“, – განაცხადა კაპანაძემ.

ამასთან, რაც შეეხება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის პარლამენტში მისვლას, კაპანაძის თქმით, მასთან საუბარი უმცირესობის მხრიდან ძირითადად ორი მიმართულებით წარიმართება.

„განათლების სექტორში ბევრი საკითხი გაქვს, მაგრამ ორი მიმართულებაა ყველაზე მნიშვნელოვანი. პირველი, ეს არის ზუგდიდი სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმე და პასუხისმგებლობა, რომელიც მინისტრმა პირადად უნდა აიღოს, ასევე სამინისტროს თანამშრომლებმა, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა ამ ადამიანის შევიწროებაში. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის რეფორმის მსგავსი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს რეალურად მხოლოდ ერთ რამეს, გამოცდების გაუქმებას და არაფერს სხვას. მინისტრს ჰგონია, რომ გამოცდების გაუქმების გზით გააუმჯობესებს სწავლის ხარისხს, ეს სრულიად კატასტროფული მიდგომაა“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პარლამენტში მიმდინარე კვირაში ორ მინისტრს მოუსმენენ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საკანონმდებლო ორგანოში  7 თებერვალს წარდგება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი კი, 8 თებერვალს.