სერგი კაპანაძე - აშშ-სგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლება უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მთელს რესურსს პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე ხარჯავს
სერგი კაპანაძე - აშშ-სგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლება უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მთელს რესურსს პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე ხარჯავს

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ საქართველოსა და კიდევ ექვს ქვეყანაში კიბერთავდასხმების გამო რუსეთის დაზვერვის სააგენტოს ექვსი თანამშრომლისთვის ბრალის წაყენებას ეხმიანება.

კაპანაძის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მის საარჩევნო პროცესებში ჩარევას რუსეთის მხრიდან ეკიდება სერიოზულად, განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისაგან, რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რესურსს მთლიანად პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე ხარჯავს.

„ის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბრალი წაუყენა რუს ოფიცრებს კიბერთავდასხმების გამო, აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ აშშ-ში მათ საარჩევნო პროცესში ჩარევას და ზოგადად, რუსეთის მხრიდან პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას ეკიდებიან სერიოზულად, იძიებენ ამ საქმეს და შემდეგ უნდათ, დასაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ამაში მონაწილეობენ, განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან, რომელიც თავის რესურსს იმაზე კი არ ხარჯავს, რომ ასეთი ტიპის ჩარევა აღმოაჩინოს, რუსეთის „გრუ“-ს წარმომადგენლებს ბრალი წაუყენოს ან გამოიძიოს მსგავსი საქმეები, არამედ მთელ თავის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რესურსებს ხარჯავს პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე.

ეს არის განსხვავება უპასუხისმგებლო ხელისუფლებასა და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ხელისუფლებას შორის. ერთ-ერთი მთავარი, რაც მოხდება არჩევნებში ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, როცა გარდამტეხი ცვლილებები დაიწყება, იქნება სწორედ ეს, ბრძოლა რუსეთის სპეცსამსახურების საქართველოში პოლიტიკურ, საარჩევნო თუ სხვა პროცესებში ჩარევის წინააღმდეგ“, – განაცხადა კაპანაძემ.