სერგი კაპანაძე - არასწორია ახლა საუბარი იმაზე, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური რეკლამა ფასიანი არ იყოს
სერგი კაპანაძე - არასწორია ახლა საუბარი იმაზე, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური რეკლამა ფასიანი არ იყოს

ახლა საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური რეკლამა ფასიანი არ იყოს წინასაარჩევნოდ, უბრალოდ არასწორია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით.

სერგი კაპანაძის განცხადებით, აღნიშნული, თეორიულად, შეიძლება, იდეალურ გარემოში  მოსაწონი იდეა იყოს.

„ჩვენ არ გვაქვს არც თეორიული და არც იდეალური გარემო. გვაქვს გარემო, რომელშიც გვყავს მილიარდერი და გვყავს სახელმწიფო ადმინისტრაციული აპარატი, რომელიც ფულს ხარჯავს, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ ე.წ. საქმეების წარმოჩინებაზე. ამიტომ ახლა საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური რეკლამა ფასიანი არ იყოს წინასაარჩევნო დროს, უბრალოდ, არასწორია, რადგან ეს ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ ექნება მხოლოდ უპირატესობა სხვებთან შედარებით. ამიტომ ჩვენი მიდგომა არის პირიქით, არასაარჩევნო დროსაც უნდა ჰქონდეს საშუალება პოლიტიკურ ძალას, თავისთვის მნიშვნელოვანი გზავნილები მიიტანოს საზოგადოებამდე. ეს უნდა გვახსოვდეს, რომ ამაში ჩვენ ვხარჯავთ ჩვენ ფულს და მთავრობა ამბობს, რომ ის ჩვენ ფულს დახარჯავს თავის რეკლამაში. ეს ბევრჯერ გაუკეთებია, როდესაც წინასაარჩევნო და არაწინასაარჩევნო პერიოდში გაურეკლამებია სხვადასხვა სამინისტროს მიერ გაკეთებული საქმიანობა და ჩაუწერია ეს „ქართული ოცნებისთვის“. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არ ვცხოვრობთ რაღაც იდეალურ მდგომარეობაში“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შესაბამისად, მისი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების გასვლა დღევანდელ რეალობაში ოპოზიციური ძალებისთვის კატასტროფა იქნება.