სერგეი რიაბკოვი - აშშ-მა ყურადღება უნდა მიაქციოს ბირთვულ დოქტრინაზე დისკუსიებს
აშშ-მა ყურადღება უნდა მიაქციოს ბირთვულ დოქტრინაზე დისკუსიებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
რუსმა დიპლომატმა ინტერვიუში მოუწოდა აშშ-ს, ყურადღება მიაქციონ მიმდინარე დისკუსიებს მოსკოვის ბირთვული დოქტრინის შესაძლო შეცვლაზე საერთაშორისო ურთიერთობებში შეცვლილი პირობების შესაბამისად. მისივე თქმით, მოსკოვი არ გამორიცხავს დიპლომატიური ურთიერთობების შემცირებას ზოგიერთ დასავლურ ქვეყანასთან, თუ ისინი არ შეცვლიან „რუსოფობიურ მიდგომას“.
„იზვესტიასთან“ ინტერვიუში რიაბკოვმა აღნიშნა, რომ დოქტრინა შემუშავდა „სხვა ეპოქაში და სხვა გარემოებებში“ და იმედი გამოთქვა, რომ ოპონენტები დისკუსიებს „სერიოზულად მიიღებენ“.
„მე არ ველოდები შედეგს, მაგრამ მოვუწოდებ ჩვენს მოწინააღმდეგეებს, დაფიქრდნენ იმაზე, თუ რას ამბობს პრეზიდენტი. ისინი, პირდაპირი მნიშვნელობით, ცეცხლს ეთამაშებინ და უნდა შეეცადონ, შეხედონ სამყაროს ფხიზლად და გააცნობიერონ, რომ ჩვენ გვაქვს უცვლელი ეროვნული ინტერესები, რომლებიც, მზად ვართ, ბოლომდე დავიცვათ“, – განაცხადა რიაბკოვმა.
დოქტრინაში ნათქვამია, რომ რუსეთს შეუძლია, გამოიყენოს ბირთვული იარაღი ბირთვული თავდასხმის საპასუხოდ ან ჩვეულებრივი თავდასხმის შემთხვევაში, რომელიც რუსეთისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს.